პოლიტიკა
სომეხი კოლეგები სახმელეთო გადაზიდვების აკრძალვაზე ჩვენს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდნენ - ფინანსთა მინისტრი

 ​საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. ხორბლის იმპორტიორებისთვის სახმელეთო გადაზიდვების აკრძალვა სახელმწიფოებრივად კარგად გათვლილი, სწორი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თემის კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებული სპეკულაციებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. 

შემოსულია უამრავი მსუბუქი მანქანა, მათ შორის, ზემო ლარსის გამშვებ სასაზღვრო პუნქტში და, პრაქტიკულად, იქ იყო კრიზისი შექმნილი. ასეულობით მანქანა ბრუნდებოდა უკან. ვკარგავდით ძალიან სერიოზულ შემოსავლებს ტურიზმში და ტურიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგი ჩვენი ეკონომიკისთვის. 

უამრავი ადამიანი თავის ახლობლებს რეკომენდაციას უწევდნენ, რომ არ წასულიყვნენ საქართველოში. შესაბამისად, ამაზე შეგუება შეუძლებელი იყო და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვეზღუდა სატვირთო მანქანებით, სახმელეთო გზით ხორბლის შემოტანა. 

წინასწარ ვესაუბრეთ ჩვენ სომეხ კოლეგებს, ისინი გაგებით მოეკიდნენ ამ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, არანაირი საფუძველი სპეკულაციებისთვის არ არსებობს. თუმცა ვაცნობიერებთ, რომ მძღოლებს, რომლებიც ამ ბიზნესით იყვნენ დაკავებული, პრობლემა შეექმნათ. ვცდილობთ, რომ ალტერნატივა მოვძებნოთ. თუმცა ამ ყველაფრით ძალიან დიდი ზიანი ადგებოდა ჩვენი ტურიზმის განვითარებას, შესაბამისად, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

მაჭავარიანის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკაში დისონანსს არ შემოიტანს და საქართველოში ხორბლის შემოტანა უფრო ცივილური გზით მოხდება.