პოლიტიკა
რუსეთი აფხაზეთს არ მისცემს განვითარების შესაძლებლობას, ამას მისცემს მხოლოდ საქართველო საქართველოს შემადგენლობაში - პარლამენტის ვიცე-სპიკერი

  საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. სერგეი შამბას განცხადება ძალიან საყურადღებოა, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, როგორც რეაგირების, ისე კომენტირების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. 

ამასთან, ჩუგოშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სამშვიდობო პოლიტიკა და ცდილობს, შექმნას გარემო, სადაც აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასაც ექნება განვითარების საშუალება. 

პირველ რიგში, ეს განცხადებები ძალიან საყურადღებოა, მაგრამ ჩვენი მხრიდან დიდი სიფრთხილეა საჭირო, როგორც რეაგირების, ისე კომენტირების თვალსაზრისით. ჩვენი პოლიტიკა არის სამშვიდობო პოლიტიკა. ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასაც ექნება საშუალება, განვითარდეს. ცალსახად მგონია, რომ აფხაზეთის რეგიონის განვითარების გზა არის საქართველოსთან ერთად განვითარება. რაც უფრო მეტად გაიაზრებს ამას მოსახლეობა, მთლიანად საქართველოს ტერიტორიისთვის, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთისთვის ძალიან სასიკეთო იქნება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და ქვეყნის განვითარებაა.

ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანად მოვაგვაროთ კონფლიქტი, განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა მთლიანად, აფხაზეთის რეგიონის ჩათვლით და იმედია, რომ შესაბამისი სენტიმენტები გაჩნდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას შორისაც. სხვა განცხადებების გაკეთება იქნება რთული ამ ეტაპზე, რადგან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც ჩანს, ასეთი განწყობები ჩნდება, რაც უზრუნველყოფს, იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ გაიაზროს, რომ საქართველოს გარეშე რეგიონი ვერ განვითარდება. 

რუსეთი აფხაზეთს არ მისცემს განვითარების შესაძლებლობას, ამას მისცემს მხოლოდ საქართველო საქართველოს შემადგენლობაში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ „ოპოზიციური ძალების ბლოკის“ შეკრებაზე განაცხადა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებაში უპასუხისმგებლო ადამიანები არიან, რომლებმაც მართვა არ იციან და ვითარება თუ არ გამოსწორდება, მათ მუხლებზე დადგომა და საქართველოს ან რუსეთისთვის მათ შემადგენლობაში მიღების თხოვნა მოუწევთ“.