საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვს - ცესკო წარმოდგენილ აუდიოჩანაწერს შეისწავლის

  საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. როგორც ნაციონალურ მოძრაობაში განაცხადეს, თამარ ჟვანიამ ცესკო ქართული ოცნების შტაბად გადააქცია. „ნაციონალური მოძრაობის“ პრეტენზია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას შეეხება. როგორც პარტიის წევრებმა განაცხადეს, საარჩევნო კომისიები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებითა და აქტივისტებით კომპლექტდება. 

პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პრესკონფერენციაზე ჩანაწერი წარადგინა, სადაც, მისივე თქმით, ინკოგნიტო პირი კრწანისის რაიონის საოლქო და საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს ესაუბრება, რომლებიც ამბობენ, რომ კომისიაში დასასაქმებელ პირთა სიებს მმართველი პარტიის კრწანისის რაიონის კურატორისგან იღებენ. ბეჟაშვილის თქმით, ასეთ პირობებში არჩევნების ჩატარება არალეგიტიმურია. 

ცენტრალური საარჩევნო კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერში დაფიქსირებულ ფაქტს შეისწავლის, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ მიიღო. 

„ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს და შედეგები ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის. ცესკო ყურადღებას მიაქცევს, რომ მსგავსი ფაქტებით ზოგადად საარჩევნო პროცესს ჩრდილი არ მიადგეს. იმ შემთხვევაში კი, თუ დარღვევა დაფიქსირდა, საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი მკაცრი რეაგირება ექნება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.