აქტუალური
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი: ვლადისლავ სურკოვის და ბაკო სააკიანის მილოცვები

  საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. „ყარაბაღში გულწრფელად უხარიათ აფხაზეთის ყველა მიღწევა, - განაცხადა არცახის პრეზიდენტმა ბაკო სააკიანმა აფხაზეთის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთვის დამოუკიდებლობის აღიარების ათ წლისთავთან დაკავშირებით გაგზავნილ მილოცვაში“, - იუწყება eadaily.com. 

„არცახის რესპუბლიკის ხელისუფლების, ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ თქვენ და აფხაზეთის მოძმე რესპუბლიკის მთელ ხალხს ღირსშესანიშნავ მოვლენას - რუსეთის ფედერაციის მიერ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების დღეს. 2008 წლის 26 აგვისტოს საძირკველი ჩაეყარა ქვეყნის საერთაშორისო აღიარების პროცესს, რაც შემობრუნების მომენტად იქცა აფხაზეთის რესპუბლიკის ისტორიაში და განამტკიცა აფხაზეთის ხალხის სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებელი განვითარებისკენ, მშვიდობიან ცხოვრებაზე მისი უფლება“, - ნათქვამია სააკიანის მილოცვაში. 

„სამხრეთ ოსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც საკმარისი სითამამე, გაბედულება, პატიოსნება და ერთგულება აღმოაჩნდა საიმისოდ, რომ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები ეღიარებინა. ეს არ იყო უბრალოდ სიმბოლური ჟესტი, აღიარება ხომ რაღაც გაცილებით მეტია. ყველამ ვიცით, რომ ის ფინანსური, სავაჭრო, ეკონომიკური, იურიდიული და საორგანიზაციო ინფრასტრუქტურა, რომელიც სამხრეთ ოსეთში ამ რესპუბლიკებისთვის არის შექმნილი, სიცოცხლის გზაა იმ ბლოკადის პირობებში, რომელსაც დონბასის ხალხის მიმართ კიევის რეჟიმი ახორციელებს“, - განაცხადა რფ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, იუწყება ukraina.ru.