პოლიტიკა
აბაშიძე: ქართველებსა და რუსებს შორის ღვარძლი არ არსებობს

  საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. საქართველო დაინტერესებულია რუსეთთან არსებული რთული პრობლემების გადაჭრაში, თუმცა რუსული მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას არ შეურიგდება, - განუცხადა РИА Новости-ს ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ. 2009 წლიდან ქვეყნებს შორის შუამავლის როლს შვეიცარია ასრულებს. თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან ფუნქციონირებს რუსეთის ინტერესთა სექცია. ანალოგიური, საქართველოს ინტერესთა სექცია მოსკოვში გაიხსნა. 

ამ გადაწყვეტილებამ ქართულ-რუსული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ღრმა ჩიხში შეიყვანა“, — მიიჩნევს აბაშიძე. 

სპეცწარმომადგენელს მიაჩნია, რომ ამით რუსეთმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც მიმართულია უძველესი ქრისტიანული ქვეყნის მთლიანობის წინააღმდეგ, რომელსაც გამართლება არ აქვს“. მისი თქმით, ამ რეგიონების დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის რეალიზებას „პერსპექტივა არ გააჩნია“, რადგან რუსეთისა და რამდენიმე სახელმწიფოს გარდა, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 

საქართველო ღრმად არის დაინტერესებული შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნით როგორც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, ისე არსებული პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრაში“, — აღნიშნა აბაშიძემ. 

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ მტრული განწყობა და აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის აწყობის სურვილის არარსებობა საქართველოს პოლიტიკურ კლასში ღრმად არის ჩამჯდარი.

ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის კავშირების დამყარების პერსპექტივებზე საუბრისას აბაშიძემ აღნიშნა, რომ ამისათვის საქართველოს მთავრობამ შექმნა პროექტი ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

პროექტი ითვალისწინებს საინტერესო პრაქტიკულ ინიციატივებს, რომელიც ხელს შეუწყობს კონტაქტების დამყარებას, მათ შორის საქმიანის. ეს სერიოზული ინიციატივაა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები უჭერენ მხარს. ვფიქრობ, ასეთი ინიციატივებით წინ წავიწედით“, — ამბობს პრემიერის სპეცწარმომადგენელი. 

ქართველმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპაციის პირობებში, ამ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითაც, ძალიან რთულია“. აბაშიძემ ასევე აღნიშნა ის დადებითი ასპექტი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის რთულ პოლიტიკურ პრობლემებს ამ ქვეყნების ადამიანებს შორის ღვარძლი არ გაუჩენია. 

წელს, სავარაუდოდ, დაფიქსირდება რუსეთიდან ტურისტების რეკორდული რაოდენობა. ჩვენს ქვეყნებს შორის აღდგენილია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, სატრანსპორტო კომუნიკაციები, ეს გარკვეულ იმედს იძლევა. მაგრამ იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები ვაქციოთ პოლიტიკურ კაპიტალად სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩიხიდან გამოსაყვანად, ამისათვის, გავიმეორებ, პოლიტიკური ნება და სურვილი უნდა არსებობდეს“, — აღნიშნა მან. (ციტატის ნაწილი მოხსნილია) 

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება ჟენევის დისკუსიების და პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.