სამართალი
საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა შემცირებულია დაახლოებით 70%-ით და კიდევ უფრო შემცირდება - პრემიერი ბახტაძე

  საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა შემცირებული არის დაახლოებით 70%-ით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და უფრთხილდება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს - ვიზალიბერალიზაციას. 

ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ვიზალიბერალიზაცია გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი და ამ მონაპოვარს ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით. თუ ჩვენ შევადარებთ იანვრის სტატისტიკას ზაფხულის თვეებთან, ვნახავთ, რომ საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა შემცირებულია დაახლოებით 70%-ით. ეს არის ძალიან კარგი პროგრესი, ორი ქვეყნის შესაბამის სამსახურებს და უწყებებს შორის არის ძალიან კარგი კოორდინაცია. 

დღევანდელ შეხვედრაზეც აღვნიშნე, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება. ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რომ არავინ ისარგებლოს ბოროტად ამ ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვრით, რომელიც მთელ ქართველ ხალხს ეკუთვნის. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ორივე ქვეყნის შესაბამის უწყებებს მადლობა გადავუხადო, რადგანაც რამდენიმე თვის განმავლობაში კარგი თანამშრომლობის შედეგად მათ შეძლეს, დაახლოებით 70%-ით შეემცირებინათ ეს სტატისტიკა. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ კანცლერს და გერმანიის მთავრობას. 

საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ გერმანიაში დეპუტატებიც გაიზიარებენ ამ სულისკვეთებას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.