საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. ქართული წარმოშობის ამერიკელი მხატვარი დეივიდ დათუნა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს პრეზიდენტად დანიშვნას სთხოვს.
მხატვარმა დახატა ბიზნესმენის პორტრეტი „ძვირფასი კარდინალი“. დეივიდ დათუნამ პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა მილიარდერს, რომელიც ქართული პოლიტიკის „რუხ კარდინალად“ არის ცნობილი.
დეივიდ დათუნამ ივანიშვილს Facebook-ის საშუალებით მიმართა.
„ძვირფასო კარდინალო“, წინასაარჩევნოდ, უმორჩილესად გთხოვთ განიხილოთ ჩემი კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაბიჯით არჩევნები როგორც მინიმუმ ხალისიანად ჩაივლის!“, — დაწერა დათუნამ.
მხატვარმა აღნიშნა, რომ უსაზღვროდ უყვარს საქართველო და შესანიშნავი კანდიდატი იქნებოდა. ის საკუთარ თავს უწოდებს მშვიდობისმყოფელს, და არა პოლიტიკოსს.
„მე ამერიკელი ვარ, თუმცა ჩემი ფესვები საქართველოს მიწის სიღრმიდან მოდის და მას მჭიდროდ უკავშირდება. გამომდინარე აქედან, ვთვლი, რომ საქართველო თავისუფალი განვითარების გზით უნდა წავიდეს და ამასთან ერთად დაამყაროს მჭიდრო კავშირი ყველა ქვეყანასთან. სტაბილურობის მომხრე ვარ, თუმცა მინდა, რომ ეს სტაბილურობა ცოტა მხიარულიც იყოს“, — განმარტა მხატვარმა.
პორტრეტი „ძვირფასი კარდინალი“ მხატვრისთვის ტრადიციულ ტექნიკაშია შესრულებული, რომელიც ოპტიკური ლინზების გამოყენებას გულისხმობს.
პორტრეტი „ძვირფასი კარდინალი“ დეივიდ დათუნასთვის მეორე ნამუშევარია, რომელიც ლინზაში შუქის გარდატეხის ეფექტის გამოყენებით არის შესრულებული. ამ ტექნიკით შესრულებული პირველი ნამუშევარი — რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პორტრეტი „ყოვლისმხედველი ვ“ მიმდინარე წლის ივნისში 400 000 დოლარად გაიყიდა.
„ვხედავ რომ ქვეყანა ვითარდება, წინ მიიწევს: ლამაზი ხალხი, ოპტიმიზმით სავსე თვალები.. ეს ყველაფერი უკეთესია ვიდრე კასტრირებული პოლიტიკოსების წინასაარჩევნო მონოლოგები. მგონია რომ ყველამ იცის ვის უნდა უმადლოდნენ საქართველოს ამჟამინდელ აყვავებას!“, — დასასრულ აღნიშნა დეივიდ დათუნამ.
დეივიდ დათუნა 1974 წლის 10 თებერვალს დაიბადა. 1998 წელს 24 წლის ასაკში საქართველოდან აშშ-ში ემიგრაციაში წავიდა. ის არის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და ძვირად ღირებული თანამედროვე მხატვარი. მისი ძირითადი ნამუშევრებია მსოფლიო ლიდერების პორტრეტები და ქვეყნების ეროვნული დროშები. რამდენიმე წელიწადში მან შექმნა ინსტალაციები 80-მდე ქვეყნის 500 დროშის ფორმატში. თითოეულ ნამუშევარს თავისი საკუთარი ფილოსოფიურ-ისტორიული კონცეფცია გააჩნია. მისი სურათი, რომელიც საქართველოს დროშას წარმოადგენს, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს აჩუქეს და ახლა ის პრეზიდენტის სასახლეშია დაცული.
2013 წელს დეივიდ დათუნამ Google Glass-ის გარნიტურისთვის მსოფლიოში პირველი არტ-ობიექტი შექმნა. ამ არტ-ობიექტის წყალობით დათუნა გახდა ერთ-ერთი პირველი მხატვარი, რომლის ნამუშევარმა ვაშინგტონის პორტრეტების ეროვნულ გალერეაში ავტორის სიცოცხლეში ადგილი დაიმკვიდრა.