არასამთავრობო ორგანიზაციები გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარ ანტონიო გუტიერესს ღია წერილს უგზავნიან. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დევნილთა გამოსახლებასთან დაკავშირებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალური განცხადება არასამართლიანია და ხელისუფლების ქმედების გამართლებაა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელმა ლია მუხაშავრიამ აღნიშნა, ამ განცხადებამ გაეროს კომისრის რეპუტაცია ეჭვქვეშ დააყენა და საზოგადოება დააბნია.არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, აღიკვეთოს მსგავსი პრაქტიკა და შენიშვნების 9–პუნქტიან ღია წერილს თავად გაეროს უმაღლეს კომისარს უგზავნიან.
„არ შეიძლება იმის თქმა, რომ ბოლოდროინდელი გამოსახლება უკეთესი იყო, ვიდრე ზაფხულში განხორციელებული პროცესი. ხელისუფლებამ საკუთარი არაკანონიერი ქმედებების გასამართლებლად გლუკ-ის ეს განცხადება გამოიყენა. გაურკვეველია, რას დააკვირდა „გლუკი“. მონიტორინგის მეთოდოლოგია, ცალკეულ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია და ანალიზი, ხელმისაწვდომი არ არის. აქედან გამომდინარე, საერთო სულისკვეთება, რომ ახლანდელი გამოსახლება სჯობდა ზაფხულის გამოსახლებას, ჩვენთვის გაუგებარია“, – აცხადებენ ქართული არასამთავრობო სპექტრის წარმომადგენლები.
ამასთან, მუხაშავრიას თქმით, გლუკ-ის დასკვნა ერთადერთია, რომელშიც გამოსახლება დადებითად არის შეფასებული, მანამდე გაკეთებულ ყველა განცხადებაში კი, მათ შორის, „ემნესტი ინტერნეიშენელის" განცხადებაში, ასევე სახალხო დამცველისა და ქართული არასამთავრობოების შეფასებებში, ხელისუფლება გაკრიტიკებული იყო.
აღნიშნულ წერილს ხელს აწერენ ორგანიზაციები: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“, „კავკასიის ქალთა ქსელი“, „მრავალეროვანი საქართველო“, „კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის“, „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი“ და „ჯანმრთელი სამყარო“.