საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთში მოღვაწე პოპულარულმა ქართველმა მომღერალმა ვალერი მელაძემ საქართველოს მოქალაქეობის მიღება გადაწყვიტა, იუწყებიან ქართულ მედიაში.
როგორც აღინიშნა, რამდენიმე დღეს წინ მელაძემ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურად მიმართა. 18-19 აგვისტოს ცნობილი შემსრულებელი მშობლიურ ბათუმს ესტუმრა და ვახტანგ კიკაბიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე იმღერა.
მოგვიანებით მელაძემ საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად განცხადების შეტანის შესახებ ინფორმაცია რუს ჟურნალისტებთანაც დაადასტურა. ის ამბობს, რომ არ მალავს ამ ფაქტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარს ამბობს რუსეთის მოქალაქეობაზე. როგორც მუსიკოსი აღნიშნავს, მისი ქმედებები არ ეწინააღმდეგება არცერთი ქვეყნის კანონმდებლობას.
„რაც შეეხება ამ საკითხის ეთიკურ მხარეს, დარწმუნებული ვარ, ამით არავის მორალურ ზიანს არ ვაყენებ. საქართველოში იმ დროს დავიბადე და გავიზარდე, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვრები არ არსებობდა“, — განაცხადა ვალერი მელაძემ რადიოსადგურ Говорит Москва-ს ეთერში.
2018 წლის 15 აგვისტოს ძალაში შევიდა შესწორებები კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ", რომლის თანახმად საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეუძლიათ მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით, რომელიც მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შედეგად დაკარგეს.
ცნობილი მომღერალი 1965 წლის 23 ივნისს ქალაქ ბათუმში დაიბადა. მის მშობლებს მუსიკასთან შეხება არ ჰქონიათ. მამა, დედა, ბებია და ბაბუა ინჟინრები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ვალერი მელაძემ წარმატებით დაასრულა მუსიკალური სკოლა, მან მშობლების მსგავსად ტექნიკური განათლება მიიღო, დაამთავრა ნიკოლაევის ს. ო. მაკაროვის სახელობის გემთმშენებელი ინსტიტუტი ხომალდების ენერგეტიკული დანადგარების ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით, შემდეგ კი საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა, თუმცა ინსტიტუტში სწავლის დასრულებისთანავე მისი ცხოვრება შეიცვალა.
ვალერი მელაძეს რუსული ჯილდო „ოვაცია" სამჯერ აქვს მიღებული, მრავალჯერ გახდა "წლის სიმღერის" და "ოქროს გრამოფონის" ჯილდოების მფლობელი, შვიდჯერ მიიღო ჯილდო "Муз-ТВ", სამჯერ კი — RU.TV. ის რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტია, ჩეჩნეთის სახალხო არტისტი, შედის საესტრადო ხელოვნების მოღვაწეთა საერთაშორისო კავშირის მმართველობაში.
ვალერისათვის სიმღერებს წერს მისი უმცროსი ძმა — მუსიკოსი და კომპოზიტორი კონსტანტინე მელაძე. თბილისსა და ბათუმში კონცერტებზე მომღერალმა არაერთხელ ილაპარაკა ამის შესახებ, ის მადლობას უხდიდა საკუთარი ძმის ტალანტს.
ვალერი მელაძეს ჰყავს ხუთი შვილი: სამი ქალიშვილი ირინა მელაძესთან პირველი ქორწინებიდან და ორი ვაჟი მეორე ქორწინებიდან, რომლებიც „ვიაგრას“ ყოფილი სოლისტ ალბინა ჯანაბაევასთან შეეძინა.