აქტუალური
მეტროში მგზავრთა მოცდის დრო 15 სექტემბრიდან სამ წუთამდე შემცირდება

     საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. 15 სექტემბრიდან თბილისში მეტროს მატარებლების მოძრაობის ინტერვალი პიკის საათებში სამ წუთამდე შემცირდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 15 სექტემბრიდან მგზავრთა ნაკადი გაიზრდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, გაუმჯობესება არის ერთ-ერთი უმთავრესი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ამ მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. 15 სექტემბრიდან მგზავრთა ნაკადები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ხალხი შვებულებებიდან დედაქალაქში ბრუნდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა მერმა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მეტი მგზავრი მეტროთი გადაადგილდება და მეტროს მუშაობის მიმართულებით რიგი ღონისძიებები განხორციელდა – დაემატა ოთხი ახალი შემადგენლობა, განხორციელდა სარკინიგზო ხაზების იმ ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაცია, რომლებიც სიჩქარის შეზღუდვებს განაპირობებდა, ასევე გადამზადდნენ მემანქანეები, მიღებულ იქნა მემანქანეების ახალი ნაკადი, რომლებიც „თბილისის მეტროს“ დაემატებიან.

ყოველივე ამის შედეგად 15 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება მოცდის პერიოდის შემცირება, განსაკუთრებით პიკის საათებში. თუ ადამიანებს პიკის საათებში ლოდინი ოთხი-ხუთი წუთი უწევდათ, შესაძლებელი იქნება, სამ წუთამდე დავიდეს ამ ცვლილებების შედეგად“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება, დაემატება ახალი ვაგონები და განხორციელდება მოდერნიზება იმ მიზნით, რომ მგზავრთა მოცდის დრო მეტროსადგურებში ორ წუთამდე შემცირდეს.

ამასთან, კახი კალაძემ მსურველებს მოუწოდა, იაქტიურონ და ტაქსის სერვისის განხორციელებაზე შესაბამისი ლიცენზია აიღონ, რადგან 1 ოქტომბრიდან ნებართვის გარეშე აღნიშნული მომსახურების განხორციელება შეუძლებელი იქნება. კალაძემ ამ საკითხზეც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა. მისი თქმით, მოცემულ ეტაპზე ტაქსის მომსახურების 500-მდე ნებართვაა გაცემული.

დავიწყეთ ტაქსების ლიცენზირება და როგორც დაგპირდით, 21 აგვისტოდან ტაქსის რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლშიც. პროცესი დაიწყო და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს თანამშრომლობისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გარდა იუსტიციის სახლისა, 10-ვე გამგეობაში შესაძლებელი იქნება ლიცენზიების მიღება და, ასევე, სახლიდან გაუსვლელად, პირადი კომპიუტერით“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, იუსტიციის სახლში არის გამოყოფილი სპეციალური ადგილი, სადაც ამ მიზნით მისულ მოქალაქეებს მოემსახურებიან.

ამ ეტაპისთვის ჯამში გაცემულია ტაქსის 500-მდე ნებართვა და მსურველებს მინდა მივმართო, რომ იაქტიურონ, რადგან 1 ოქტომბრიდან ამ სერვისის გაწევა იქნება შეუძლებელი. თუ დაფიქსირდება შემთხვევები, იქნება ჯარიმები, რომელიც არის 200 ლარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულების მოწესრიგება, რომელიც ქალაქში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. ქაოსია ამ მიმართულებით და უნდა მოვაწესრიგოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.