სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ

     საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეები ახდენდნენ 4 ერთეული თხმელას სახეობის მორის უკანონო ტრანსპორტირებას, დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას - გაეჩერებინათ ავტომანქანა, მოქალაქეები არ დაემორჩილნენ, რის საფუძველზეც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს ავტომანქანის დევნა.

ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემდეგ ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა. მან ერთ-ერთ თანამშრომელს სხეულის დაზიანება თავის არეში მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მათ დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს ეკიპაჟის მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად მოქალაქე დაკავებულია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეს განესაზღვრა გირაო 5000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით.
საქმე შეიცავს შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია შსს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში“, - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.