პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს უნდოდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე პასუხისმგებლობა იურიდიული წრეებისთვის და არასამთავრობოებისთვის გადაებარებინა - მარგველაშვილთან შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა

     საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. როგორც პირველი არხი იუწყება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ კონსტიტუციონალისტმა ჯონი ხეცურიანმა განაცხადა.

ამასთან, მან დადებითად შეაფასა კონსულტაციების პროცესი და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით სწორი იყო.

ამ პროცესს, რაც დღეს შედგა, დადებითად ვაფასებ. პრეზიდენტის გადაწყვეტილება სწორი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მას ღირსეული კანდიდატურის შერჩევა და ამაში დახმარება უნდოდა. პრეზიდენტს კონსტიტუციური მოვალეობა აკისრია, რომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა წარუდგინოს. ამ პროცესში დახმარება ითხოვა, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ასე ვთქვათ, უნდობლობა კი არა, მზაობა არ გამოხატა იმისთვის, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიეღო. დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ მათ არ ევალებათ ამ მოვალეობის შესრულება, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და კანდიდატი პრეზიდენტმა თავად უნდა შეარჩიოს“, – განაცხადა ხეცურიანმა.

მისი განმარტებით, ლაპარაკია იურიდიულ პასუხისმგებლობაზე.

მათ, ვინც კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებდა, არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. იურიდიულ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობ, თავისთავად, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მთელი პასუხისმგებლობა პრეზიდენტზე მოდის, გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. ჩვენ შეიძლება, შევთავაზოთ, მაგრამ პრეზიდენტმა უარი თქვას. გადაწყდა, რომ ეს კონსულტაციები და პროცესი დასრულდა, რადგან დამსწრე საზოგადოების დიდმა ნაწილმა მზაობა არ გამოხატა, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა მიიღოს“, – განმარტა ხეცურიანმა.

ამასთან, მისი თქმით, გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს, შეხვედრაზე კი კონკრეტულ გვარებზე საუბარი არ ყოფილა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელება პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომელიც პრეზიდენტთან გამართულ კონსულტაციებში მონაწილეობდა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ადამიანზე, რომელიც პარლამენტში იქნება წარდგენილი.

ის პოზიცია დავასახელეთ, რაც აქამდე გვქონდა. ჩვენ პროცესის მონიტორინგს ვაწარმოებთ და შესაბამისად, კონკრეტულ კანდიდატურას ვერ დავასახელებთ. ასევე იმიტომაც, რომ ეს არის კონკრეტულად პრეზიდენტის პასუხისმგებლობა. მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ადამიანზე, რომელიც პარლამენტში იქნება წარდგენილი. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ გაითვალისწინოს, რომ ეს უნიკალური შანსია, შეირჩეს ისეთი ადამიანი, რომელიც სასამართლო სისტემის წინაშე არსებულ პრობლემებს მოაგვარებს“, – განაცხადა გიგაურმა.

მისი თქმით, მოვლენები ისე ვითარდება, რომ ჩანს, მხარეებს ეს გააზრებული არ აქვთ.

თუ შესაბამისი კანდიდატურა ვერ შეირჩევა, ძალიან დიდ შანსს დავკარგავთ, რომ პრობლემები მოვაგვაროთ, რომელიც სასამართლოში გვაქვს და ეს საზოგადოების წინაშე მართლაც ძალიან დიდი დანაშაულის ტოლფასი იქნება“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტი კონკრეტულ კანდიდატს შეარჩევს და სამოქალაქო სექტორს მასთან დაკავშირებით აზრს ჰკითხავს, არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან, თავიანთი შეფასება მიაწოდონ.

პრეზიდენტისთვის უარი არავის უთქვამს იმაში, რომ თუ იგი ვინმეს შეარჩევს და კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით აზრს გვკითხავს, მას ამ კანდიდატზე ჩვენი შეფასება მივაწოდოთ. ამაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარია იმაზე, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და კონკრეტულად, პრეზიდენტმა უნდა აიღოს. დროც არ არის, რომ გრძელვადიანი პროცესი შევქმნათ და საბოლოოდ, ამ ყველაფერში სამოქალაქო სექტორი შემოვიდეს, რომელმაც თავიდანვე განაცხადა, რომ იგი ამ პროცესის მონიტორინგს განახორციელებდა“, – აღნიშნა ეკა გიგაურმა.

მისი თქმით, გაუგებარია, პრეზიდენტს როგორ სურდა კონსულტაციებში სამოქალაქო სექტორის ჩართვა.

ჩვენ არაფერზე შევთანხმებულვართ. პრეზიდენტმა თქვა, რომ შეთანხმება ვერ შედგა. თუმცა კონკრეტული ფორმატით ვერ გავიგეთ, ამ კონსულტაციებში ჩვენი ჩართვა როგორ უნდოდა. საუბარი ყველაფერზე ძალიან ზოგადად იყო. რაც მოვისმინე, იმ ყველაფრიდან გამოჩნდა, რომ ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს პრეზიდენტს აქვს, მან ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზროს. პასუხისმგებლობა პარლამენტზეცაა, თუ ის პრეზიდენტის მიერ წარგენილ კანდიდატს არ დაეთანხმება“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატის შესარჩევად მიმდინარე კონსულტაციების შეჯამების მიზნით 20 აგვისტოს შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება შეხვედრის მონაწილე იურიდიული წრეებისა და არასამთავრობოებისადმი, რომ დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატის შერჩევის მიზნით სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციები დაიწყო.