საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. „მოსახლეობის გადინება, რასაც ბალტიისპირეთის, აგრეთვე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შეეჯახნენ, შესაძლოა, ევროპის უსაფრთხოებაზე აისახოს, იმიტომ რომ „რუსეთს შეუძლია, ამით ისარგებლოს„“, - ამის შესახებ გამოცემა Rzeczpospolita-სთან ლიტვის სოციალურ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორმა სარმიტე მიკულენენემ ილაპარაკა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
მისი თქმით, მოსახლეობის დაკარგვის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ სსრკ-ის დაშლის შემდეგ დადგა. 1990-ანი წლებიდან მოყოლებული, ლიტვამ მოსახლეობის მეოთხედი დაკარგა, ლატვიამ - მესამედი. პოლონეთმა ევროკავშირში შესვლის შემდეგ მილიონზე მეტი მცხოვრები დაკარგა, რომლებიც ევროპის უფრო განვითარებულ ქვეყნებში გაემგზავრნენ, მათ ადგილებს კი „აღმოსავლეთიდან, პირველ რიგში, უკრაინიდან ჩამოსულები იკავებენ“.
მიკულენენეს მიაჩნია, რომ მოსახლეობის გადინების მთავარი მიზეზი 2004 წელს ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის შესვლაა. განვითარებულმა ქვეყნებმა, როგორებიცაა შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ევროკავშირის ახალი წევრების მცხოვრებთათვის შრომის ბაზრები გახსნეს და მასობრივი ემიგრაციის პროვოცირება მოახდინეს. ძირითადად, ახალგაზრდები მიემგზავრებიან და ამის გამო მოსახლეობა სწრაფად ბერდება. მიკულენენეს თქმით, მალე ეს საპენსიო სისტემის კრახს გამოიწვევს, რადგან პენსიების დამფინანსებელი აღარავინ იქნება.
„ვითარება შეშფოთებას იწვევს. ლიტვაში უკვე ორი ათასი სოფელი დაცარიელდა, უნივერსიტეტებში ფაკულტეტები იხურება, იგრძნობა სამუშაო ძალის უკმარისობა. მოსახლეობის სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე 44 ადამიანამდე შემცირდა. ლატვიასა და ესტონეთში ყველაფერი კიდევ უფრო უარესად არის - შესაბამისად, 35 და 29 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე“, - დასძინა სარმიტე მიკულენენემ.
ამასთან, ლიტვის მოსახლეობა ევროკავშირში ყველაზე სწრაფად მცირდება, ანტირეიტინგში მას ხორვატია, ლატვია, ბულგარეთი და რუმინეთი მოსდევენ.