საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. თავდაპირველად 1996 წელს დაბადებულ მ.თ-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წაუყენეს ბრალი, რაც 2-დან 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ასევე 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე.
ბრალდებული შსს-მ ოზურგეთში დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის – „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მ.თ-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით, მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით ბრალდებული ნ.ბ-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.