აქტუალური
ავტობუსის ავარია რუსეთში: საქართველოს საგარეო უწყება ინფორმაციას აზუსტებს

     საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის, დაეხმაროს მოქალაქეებს, რომლებიც სტავროპოლის მხარეში ავარიისას დაშავდნენ, იუწყება პირველი არხი.

სარეისო ავტობუსი „თბილისი-კრასნოდარი“ სტავროპოლის მხარეში ანდროპოვსკის რაიონში „კამაზის“ ტიპის სატვირთოს შეეჯახა. რუსეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციის ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა, 17 ადამიანი დაშავდა.

ორი გარდაცვლილიდან ერთი იყო საქართველოს, ხოლო მეორე რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. დაშავებულები ორ საავადმყოფოში არიან გადანაწილებული. ერთ-ერთ საავადმყოფოში ოთხი დაშავებულია გადაყვანილი და მათგან სამი საქართველოს მოქალაქეა. სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკონსულო ცდილობს სამივესთან კონტაქტზე გასვლას“, — განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების მონაცემებით, მეორე კლინიკაში, პიატიგორსკის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დახმარების საჭიროების შემთხვევაში რუსულ მხარესთან მუდმივ კავშირზეა.

წინასწარი მონაცემებით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და იმავე მიმართულებით მოძრავ სატვირთოსთან შეჯახება დაუშვა.