საზოგადოება
ქართული სამშენებლო კომპანია რუსეთში ახალ წარმომადგენლობებს გახსნის

     საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. დეველოპერული კომპანია საქართველოდან „ორბი ჯგუფი“ წლის განმავლობაში რუსეთის ქალაქებში 12 ახალი წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს, - იუწყება „რია ნოვოსტი“ კომპანიის გენერალურ დირექტორზე ირაკლი კვერღელიძეზე დაყრდნობით.

მისი თქმით, ამჟამად კომპანიას 7 ქვეყანაში 21 ოფისი აქვს. მათ შორის - წარმომადგენლობები მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ჩელიაბინსკსა და ტიუმენში.

„ჩვენი ამოცანაა - ყოფილი დსთ-ის ქვეყნების 500 ათას ადამიანზე მეტი მოსახლეობის მქონე ყველა ქალაქში გავხსნათ წარმომადგენლობები“, - განაცხადა კვერღელიძემ და დააზუსტა, რომ ორი წლის განმავლობაში ორასზე მეტი ოფისის გახსნა იგეგმება.

მისი თქმით, უახლოეს წელიწადში 12 ახალი წარმომადგენლობა გაიხსნება რუსეთის ქალაქებში, სადაც საქართველოდან პირდაპირი ფრენაა, მათ შორის ყაზანში, კრასნოდარში, როსტოვში, ნოვოსიბირსკსა და ჩერეპოვეცში.

ირაკლი კვერღელიძემ აღნიშნა, რომ ქართული უძრავი ქონების მყიდველთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რუსებზე მოდის.

„ორბი ჯგუფი" უმსხვილესი სამშენებლო დეველოპერული ჰოლდინგია საქართველოში, რომელმაც რეგიონში პირველმა დაიწყო მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა. 20 წლის განმავლობაში 2 მილიონ კვ. მ-ზე მეტი აშენდა, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა 6 ათასამდე გაიზარდა. „ორბი ჯგუფი" მრავალი საერთაშორისო და რეგიონული პრემიის ლაურეატია.