საზოგადოება
სკანდალი ჩავარდა - რუსულ მაისურებში გამოწყობილი ქართველი მოჭიდავეების წინააღმდეგ საზოგადოებამ არ გაილაშქრა

     საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი მაისურები მოირგეს. ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ქართველი და რუსი მოჭიდავეები ერთად დგანან.

მსოფლიოს ჩემპიონებს გენო პეტრიაშვილსა და ზურაბ იაკობიშვილს და ნაკრების თავკაც გიორგი იანტბელიძეს ერთნაირი მაისურები აცვიათ, რომელზეც რუსეთის დროშის ფონზე გამოსახულია ძამბოლატ თედეევის ფოტო.

თედეევი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატია.

სკანდალური ფოტო სამი თვის წინაა გადაღებული, დაღესტნის ქალაქ კასპიისკში გამართული ევროპის ჩემპიონატის დროს.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი იანტბელიძის განცხადებით, მას და ქართული დელეგაციის რამდენიმე წევრს რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ძამბოლატ თედეევის პორტრეტით დამშვენებული მაისურები საჩუქრად იქაურმა მეგობრებმა გადასცეს და ერთად ფოტოს გადაღება სთხოვეს.

თედეევი საქართველოშია დაბადებული. მასთან ვმეგობობთ, სპორტული კუთხით არაერთხელ დაგვხმარებია და, რა თქმა უნდა, დავთანხმდით მისი გამოსახულებიანი სასაჩუქრე მაისურებით ფოტოს გადაღებას. სულ ეს იყო. რუსეთის დროშის ფერებისთვის ყურადღებაც არ მიგვიქცევია. ამ ჟესტით არა რუსეთს, არამედ მხოლოდ ჩვენს მეგობარს - ძამბოლატ თედეევს ვეცით პატივი, - უთხრა „რადიო თავისუფლებას“ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრების სკანდალურ ფოტოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ. მსოფლიოს ჩემპიონ გენო პეტრიაშვილისა და ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი იანტბელიძის მსგავსად, გეგეშიძეც ამბობს, რომ ქართველების მიერ თედეევის პორტრეტიანი მაისურების ჩაცმა და ერთობლივი ფოტოს გადაღება მხოლოდ მასთან მეგობრობის დამადასტურებელი ჟესტი იყო და არა რუსეთის პატივისცემის.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში ვინ დაგვეხმარა, ვინმემ იცის? მოჭიდავეები ჩავერიეთ და სწორედ ძამბოლატ თედეევი დაგვიდგა მაშინ გვერდით, მაგრამ აქამდე არსად გვიხსენებია. თედეევი სპორტსმენია, მწვრთნელია და ჩვენი მეგობარია. არაერთხელ დაგვხმარებია წმინდა სპორტული კუთხითაც, რადგან პატივს გვცემს და ამ მეგობრობას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს, - განუცხადა გეგა გეგეშიძემ „რადიო თავისუფლებას“.