პუბლიკაციები
საქინფორმი: მერკელი საქართველოში პუტინის მესიჯებს და თავის ანგელურ რჩევებს ჩამოიტანს

     საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 2018 წლის 23-25 აგვისტოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სამხრეთ კავკასიას - საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. „მოლაპარაკებების დროს განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები და ეკონომიკური კავშირები, აგრეთვე, ევროპული და საგარეო (ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოების - საქინფორმი) პოლიტიკის საკითხები“, - აღნიშნულია გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირველი ქვეყანა, რომელსაც ანგელა მერკელი სამხრეთკავკასიური ტურნეს მსვლელობისას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა - საქართველოა, ის თბილისში 23 აგვისტოს, მომავალ ხუთშაბათს ჩამოვა. საქართველოდან ანგელა მერკელი სომხეთში გაემგზავრება, შემდეგ კი - აზერბაიჯანში. საგულისხმოა, რომ გერმანიის კანცლერის სამხრეთკავკასიური ტურნე გაიმართება მისი შეხვედრის შემდეგ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომელსაც ანგელა მერკელი გასულ შაბათს, 2018 წლის 18 აგვისტოს შეხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინისა და მერკელის შეხვედრის მთავარი თემები გახლდათ სირია, ირანი, უკრაინა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“, მსჯელობის სავარაუდო საგანი შეიძლებოდა გამხდარიყო რთული ვითარება სამხრეთ კავკასიაში: საქართველოში (ნატოს მუდმივი სწავლებები, როკის გვირაბის გავლით ზემო ლარსის ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტის გახსნის სურვილის არქონა), სომხეთსა და აზერბაიჯანში (პრემიერ ფაშინიანის ევროატლანტიკური ამბიციები, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის მაღალი რანგის წარმომადგენლების და სომხეთში რუსული სტრუქტურების, მაგალითად, „გაზპრომის“ სომეხი ხელმძღვანელების დაპატიმრება, ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქინფორმი არ გამორიცხავს, რომ მერკელი სამხრეთ კავკასიაში ჩამოიტანს პუტინის მესიჯებს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობისთვის ზემოთ ჩამოთვლილ საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, და საკუთარ - ანგელურ რჩევებსაც დაუმატებს რეგიონში ვითარების დარეგულირების თაობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ამერიკული ეკონომიკური სანქციების შედეგად ზარალდებიან როგორც ევროკავშირის ქვეყნები, ისე რუსეთი, თურქეთი და საქართველო, რაც ევროკავშირის ეკონომიკურ ლიდერთან - გერმანიასთან კავკასიის ქვეყნების ძალისხმევის კოორდინაციის აუცილებლობას გვკარნახობს სანქციებით გამოწვეული კრიზისის შესასუსტებლად, აგრეთვე საქართველოში ინფლაციის დასაძლევად, რომელიც აშშ დოლარის მიმართ მისი ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის ვარდნამ გამოიწვია.