აქტუალური
დავით სერგეენკო მოქალაქეებს ურჩევს, დააზუსტონ, ვალსარტანის შემცველი რომელი მედიკამენტი აიკრძალა და წამალი ექიმის კონსულტაციით შეცვალონ

     საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოქალაქეებს, რომლებიც ვალსარტანის შემცველ მედიკამენტებს იღებენ, მოუწოდებს, მკურნალობა არ შეწყვიტონ, თუმცა აუცილებლად ნახონ სია, კონკრეტულად რომელი კომპანიის წარმოებულ რომელ მედიკამენტებს ეხება აკრძალვა. იმ შემთხვევაში, თუ ისინი სიაში ჩამოთვლილ მედიკამენტს იღებენ, წამალი ექიმის კონსულტაციით შეცვალონ.

ჯანდაცვის მინისტრმა ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც ბაზრიდან კომპანია Zhejiang Huahai Pharmaceuticals-ის მიერ წარმოებული Valsartan-ის შემცველი 42 დასახელების, წნევის დამწევი მედიკამენტის რეალიზაციის შეწყვეტა მოითხოვა.

დავით სერგეენკოს განმარტებით, თავად ნივთიერება ვალსარტანი დადასტურებულად უსაფრთხო და ძალიან ეფექტიანია მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ.

საკუთრივ ვალსარტანზე შეკითხვა არასდროს არავის გასჩენია. მეორე საკითხია, რომ შესაბამისი სამსახურები ევროპასა და ამერიკაში ყოველწლიურად ატარებენ ამა თუ იმ მედიკამენტის მონიტორინგს, ლაბორატორიულ ანალიზს, რადგან უსაფრთხო და კარგი ნივთიერება სხვადასხვა მწარმოებლის ხელში შეიძლება ისე კარგად წარმოებული არ იყოს და რისკები შექმნას. დაფიქსირდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის მიერ წარმოებულ ნივთიერება ვალსარტანზე გაუჩნდათ კითხვები. 2012 წლიდან დღემდე ჩაატარეს კვლევა და ამ მინარევების ვალსარტანმა რომ პოტენციურად ონკოლოგიური დაავადებები გამოიწვიოს, ამისთვის ადამიანმა 7 წლის განმავლობაში ორმაგი თერაპიული დოზა უნდა მიიღოს. ამ შემთხვევაშიც, შესაძლოა, 5 ათასი პირიდან ერთს დაემართოს ონკოლოგიური დაავადება“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი შეფასებით, მიუხედავად ამისა, რეგულაციები იმდენად მკაცრია, რომ ყველა მწარმოებელს, რომელიც იყენებდა ნედლეულს იმ ერთი კომპანიის მიერ დამზადებული ვალსარტანიდან, მიეცა რეკომენდაცია, სრულად ამოიღოს გამოყენებიდან, რათა ადამიანები მაქსიმალურად დაცული იყვნენ.

მინისტრის თქმით, საქართველოს შემთხვევაში შესაბამისი სამსახურიდან რეკომენდაცია 2 აგვისტოს იქნა მიღებული და დაუყოვნებლივ გავრცელდა.

მოსახლეობას, ვინც იღებს ვალსარტანის შემცველ მედიკამენტებს, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ საკუთრივ დანიშნულება არ შეწყვიტონ. რახან სვამენ, ესე იგი, სჭირდებათ. უბრალოდ, ნახონ ჩამონათვალი, ვალსარტანის შემცველ რომელ კონკრეტულ წამლებზე გაჩნდა კითხვა და ისინი ჩაანაცვლონ სხვა, არა ამ სიაში შესული იგივე დოზირების, იგივე ვალსარტანის მედიკამენტებით, რომელიც ბაზარზე საკმაოდ არის. ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე იმ ვალსარტანის შემცველ პრეპარატებს, რომლის მიმართაც კითხვა გაჩნდა, მესამედზე ნაკლები უჭირავს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, შეკითხვის გაჩენა არ ნიშნავს, რომ ნივთიერება აუცილებლად ონკოლოგიურ დაავადებას აჩენს.

ვინც იღებს ვალსარტანის შემცველ მედიკამენტებს, არავითარ შემთხვევაში მკურნალობა არ შეწყვიტონ, უბრალოდ, ნახონ სია, რომელიც გამოქვეყნებულია და შეცვალონ მედიკამენტი, ოღონდ აუცილებლად ექიმთან კონსულტაციით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ლაპარაკია 42 დასახელების წნევის დამწევი მოქმედების მედიკამენტზე.