პოლიტიკა
იმედით ველოდებით დადებით პასუხს საქართველოს ხელისუფლებისგან - სერგეი ვესელოვსკი

     საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. მკითხველს შევახსენებთ, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს საქინფორმმა მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის ღია წერილი გამოაქვეყნა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელშიც ადრესატს გადასცა რუსი საზოგადოების თხოვნა - ნება დართონ, რუსი მოხალისეების მიერ შეგროვებული ფულით, ღირსეულად აღმართვის მიზნით, საქართველოდან რუსეთში წაიღონ ი.ბ. სტალინის უპატრონო ძეგლი, რომელიც თითქმის 8 წელია, გორის შემოგარენში სიმინდის ყანაში პირქვე დამხობილი წევს, გენერალისიმუსის მშობლიური ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ჩამოგდების შემდეგ.

საინიციატივო ჯგუფის სახელით ეს თხოვნა საავტორო პროგრამის На самом деле“ პირდაპირ ეთერში News Front -ზე გაახმაურა მისმა მუდმივმა წამყვანმა - რუსმა ჟურნალისტმა სერგეი ვესელოვსკიმ.

საქინფორმმა ღია წერილის ასლები გადაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს - როგორც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ვებგვერდებზე ელექტრონული მიმართვის სახით, ისე რამდენიმე ოფიციალური Facebook-გვერდით: მთავრობის და პარლამენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის, პარტია „ქართული ოცნების“.

იმავე დღეს სერგეი ვესელოვსკიმ პროგრამის „На самом деле“ Facebook-გვერდზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„გმადლობთ, არნო!
ჩვენი ამხანაგი, ქართველი ჟურნალისტი არნო ხიდირბეგიშვილი გამოეხმაურა თხოვნას, საქართველოს ხელისუფლებისთვის მიემართა წინადადებით, სააკაშვილელების მიერ ქალაქ გორში კვარცხლბეკიდან ჩამოგდებული ი.ბ. სტალინის ძეგლის წამოღების უფლება მოეცათ.
იმედით ველოდებით დადებით პასუხს საქართველოს ხელისუფლებისგან, რის შემდეგაც ტრანსპორტირების ღირებულება გვეცოდინება და ნებაყოფლობითი შემოწირულების შეგროვებას დავიწყებთ ყველასგან, ვინც არა სიტყვით, არამედ საქმით სცემს პატივს ჩვენს ისტორიას.
სერგეი ვესელოვსკი“.

საქინფორმის
მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი: მინდა, ჩემს თანამემამულეებს შევახსენო, რომ სტალინის 6-მეტრიანი ძეგლი, რომელიც 58 წლის განმავლობაში იდგა გრანიტის 9-მეტრიან კვარცხლბეკზე და რომლის გადაცემასაც რუსი პატრიოტები ითხოვენ, სსრკ-ში ყველაზე დიდი იყო. იმდენად დიდი, რომ დღევანდელი საქართველო მას უკვე ვეღარ იტევს!
არა, დიდი სტალინი ადრინდელი დარჩა - ეს საქართველო დაპატარავდა...


საქინფორმი