საზოგადოება
პოეტის, პროზაიკოსის, ესეისტის – გივი ალხაზიშვილის, პოეტის – ზვიად რატიანის, მწერლისა და პოეტის – ბესიკ ხარანაულის ნაწარმოებები ცნობილი ამერიკული ჟურნალის „The Dirty Goat“–ის 23–ე გამოცემაში მოხვდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკული გამოცემა ქართველი ლიტერატორებით დაინტერესდა.
ამ ავტორების ჟურნალში მოხვედრას ხელი შეუწყო ქართულ პოეზიაში შეყვარებულმა მთარგმნელმა ტიმოთი კერჩნერმა. საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, სადაც ტიმოთი კერჩნერი ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობდა, ის პოეტ ლელა სამნიაშვილს დაუკავშირდა, რომლის მიერაც შეირჩა ზვიად რატიანისა და გივი ალხაზიშვილის ლექსები. ბესიკ ხარანაულის პოეზიის არჩევანი კი მთარგმნელმა ანი კოპალიანმა გააკეთა. საბოლოოდ ტიმოთი კერჩნერმა ქართველი ავტორების პოეზია თარგმნა და ჟურნალ „The Dirty Goat“–ის რედაქციას შესთავაზა.150–გვერდიანი ჟურნალი „The Dirty Goat“ წელიწადში ორჯერ გამოდის და აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პოეზიას, პროზას, დრამას, ლიტერატურასა და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს. ჟურნალი ხელს უწყობს თანამედროვე ხელოვანთა წარმოჩენას და მათ პოპულარიზაციას სხვადასხვა ქვეყანაში.
ჟურნალი, რომელიც დაარსებულია 1988 წელს, ორენოვანია; ნამუშევრები იბეჭდება როგორც ორიგინალის ენაზე, ასევე ინგლისურად.