პუბლიკაციები
ქართველები მტრებად არ მიმაჩნია... დროა, საქართველოსთან დიალოგი დავიწყოთ - ფრაგმენტი „ეხო მოსკვისთან“ სერგეი შამბას ინტერვიუდან (ვიდეო)

     საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუს სრული ვიდეოჩანაწერი 2018 წლის 13 აგვისტოს იხილეთ აქ (წამყვანები - სტანისლავ კრიუჩკოვი და მარინა მაქსიმოვა).

ვრცელ ინტერვიუში სერგეი შამბამ საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობებზე ილაპარაკა. ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.

„საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ერთობლივ მომავალზე, რადგან მეზობელი ქვეყნები ვართ და ბედმა ერთმანეთის გვერდით არსებობა გვარგუნა. მეზობელ ქვეყნებს შორის ვგულისხმობ არამხოლოდ საქართველოს. ევროპულ სახელმწიფოებს შორისაც ყოფილა კონფლიქტები. ისინი ერთმანეთს ეომებოდნენ. მაგრამ ყოველთვის დგება ურთიერთობის დარეგულირების დრო. ვფიქრობ, ახლა საქართველოსთან სწორედ ასეთი დიალოგის დაწყება შეიძლება“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერო-ს ჩარევის დროს მხარეებს შორის მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობდა. თუმცა, 2008 წელს, მისიის შეწყვეტის შემდეგ მთელი პროცესი შეჩერდა. ახლა საქართველოსთან კონტაქტის ერთადერთი საშუალება, მისივე თქმით, ჟენევის შეხვედრებია, რომლებიც პერიოდულად იმართება.

„მივიჩნევ, რომ მოლაპარაკების ამ გზის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. დიდი იმედი მაქვს, ჩვენს მომავალზე რაღაც დიალოგი დაიწყება“, – აღნიშნა შამბამ ინტერვიუს დროს.

რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში სერგეი შამბამ 1992-1993 წლებში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და საქართველოსთან მოლაპარაკებები გაიხსენა, რომელიც, მისი თქმით, საბოლოო ჯამში კონსენსუსის გარეშე დასრულდა. აფხაზმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ტრაგედიის დროს საქართველოსთან მოლაპარაკების იმედი ჰქონდათ.

„იმედი გვქონდა, რომ ურთიერთობის რაღაც ფორმატზე მაინც შევთანხმდებოდით. თანახმა ვიყავით ფედერაციულ ურთიერთობაზე. შემდეგ საუბარი იყო კონფედერაციულ შეთანხმებაზე. პრიმაკოვის შუამავლობით განვიხილეთ ვარიანტი, რომელსაც „ერთობლივი სახელმწიფო“ ეწოდებოდა. თუმცა, ყველა ჩამოთვლილ შეთავაზებაზე საქართველო უარს ამბობდა. ძალიან ხშირად ახლოს ვიყავით კონსენსუსთან. თუმცა, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ქართულმა მხარემ ყველა პროექტზე უარი თქვა“, – განაცხადა „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუს დროს სერგეი შამბამ.

ჟურნალისტებმა ინტერვიუს დროს აღნიშნეს, რომ ბათუმი ევროპული დონის კურორტია, ხოლო სერგეი შამბას ჰკითხეს, როგორ არის განვითარებული ქალაქ გაგრის ინფრასტრუქტურა.

„არ ვიცი, ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს. როგორც ვხედავ, უმრავლესობა მაინც კმაყოფილია აფხაზეთში დასვენებით. ბევრი ჩამოდის. ჩემთვის ახლა რთულია საუბარი. მე საკუთარი შეხედულება მაქვს, დაინტერესებული პირი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბათუმი უფრო მდიდრულია და სხვა დონეა. აქ ალბათ უფრო მარტივია ყველაფერი, თუმცა ზღვა აქაც კარგია, უკეთესიც კი, ვიდრე – ბათუმში“, – აღნიშნა შამბამ გაგრის ინფრასტრუქტურის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

სერგეი შამბას თქმით, აჭარაში კურორტები უფრო მეტად არის განვითარებული, რადგან „იქ მეტი ინვესტიცია იყო“.

„საქართველოს ეხმარება მთელი მსოფლიო, აშშ, ევროპა. მრავალი ქვეყანა აღიარებს და დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციებით. აჭარაში ინვესტიციებს დებენ ყაზახეთიც, აზერბაიჯანიც და სხვა ქვეყნები. ჩვენ კი, ძირითადად, ორიენტირებული ვართ მხოლოდ რუსულ ინვესტიციებზე. არის ზოგიერთი ინვესტორი თურქეთიდან, თუმცა ძირითადად რუსულია. აქ უფრო რთულია. 2008 წლამდე ჩვენ ბლოკადაში ვიყავით, ესეც გასათვალისწინებელია. აფხაზეთში იყო ომი. აქ განადგურდა მთელი ინფრასტრუქტურა ქარხნებით, ფაბრიკებით. მთელი აღჭურვილობა გაიტანეს საქართველოში, საზღვაო ხომალდებიც. ყველაფერი, რისი გატანაც შეიძლებოდა, გაიტანეს საქართველოში. ჩვენ ჩამოვედით სრულიად განადგურებული გაღარიბებულ დედაქალაქში. ბევრ ადამიანს სახლები დაუწვეს, შიდა მიგრაციაა. ჩვენ ეს სირთულეები ჯერ კიდევ არ გადაგვილახავს, თანდათან გადავლახავთ, რუსეთი გვეხმარება. ეს რუსეთის დახმარებით ხდება“, – განაცხადა შამბამ.