რედაქტორისგან
რუს საზოგადოებას სურს, სტალინის ძეგლი წაიღოს და რუსეთში აღმართოს! - საქინფორმის მთავარი რედაქტორის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

     ღრმად პატივცემულო ბატონო ბიძინა!

2018 წლის 13 აგვისტოს მე, ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა გამოვაქვეყნე ჩემი ახალი, რიგით მესამე და, ალბათ, ბოლო პროექტი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის დამყარებისა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხზე, რომელიც ოთხმხრივი ერთობლივი ქართულ-აფხაზურ-ოსურ-რუსული დეკლარაციის ხელმოწერას გულისხმობს.

მეორე დღეს საინფორმაციო სააგენტო „News Front“-მა ზემოაღნიშნული პუბლიკაცია გადაბეჭდა და პროგრამის „На самом деле“ სტუდიაში მიმიწვია, რათა ჩემს ინიციატივაზე გვემსჯელა. როდესაც ჩემთან ინტერვიუ დასასრულს უახლოვდებოდა, პროგრამის წამყვანმა სერგეი ვესელოვსკიმ საქართველოს მთავრობისთვის მიმართვის საზოგადოებრივი და პირადი თხოვნით მომმართა (ინტერვიუს ეს, დასკვნითი ნაწილი ჩვენ საგანგებოდ ამოვჭერით და YouТube-ზე ცალკე ავტვირთეთ - იხ. აქ).

როგორც ხედავთ, რუსმა საზოგადოებამ საინიციატივო ჯგუფის სახით, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ჩემთვის ღრმად პატივცემული ჟურნალისტი სერგეი ვესელოვსკი წარმოადგენს, სურვილი გამოთქვა, საკუთარი სახსრებით რუსეთში გადაიტანოს და იქ აღმართოს საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის იოსებ ბესარიონის ძე სტალინის ძეგლი.

ბატონო ბიძინა!

როგორც თქვენთვის ცნობილია, მოქანდაკე შოთა მიქატაძის და არქიტექტორების არჩილ და ზაქარია ქურდიანების მიერ შექმნილი მონუმენტი სტალინის ძეგლით 1952-დან 2010 წლის ჩათვლით ქალაქ გორის ცენტრალურ მოედანზე იდგა და 1956 წელსაც კი გადარჩა, სსრკ-ის მასშტაბით სტალინის ძეგლების დემონტაჟის ხრუშჩოვისეული კამპანიის დროს. მაგრამ რაც ნიკიტა ხრუშჩოვმა ვერ მოახერხა, ის ვანდალებმა - სტალინის თანამემამულეებმა განახორციელეს! 2008 წლის 3 ოქტომბერს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ამჟამად კი საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი ბარამიძემ წინადადება შეიტანა, სტალინის ძეგლი ქალაქ გორის ცენტრიდან მოეშორებინათ. მის ინიციატივას მხარი დაუჭირა საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ამჟამად კი წარმატებულმა ბანკირმა, „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ვლადიმერ გურგენიძემ. 2010 წლის 25 ივნისის ღამეს ბარბაროსების ბრბოს დამცინავი შეძახილების ქვეშ ძეგლი აიღეს და, ამ ველურების ბინძური წაბილწვის შემდეგ, გორის შემოგარენში მინდორში დააგდეს, სადაც ახლაც წევს - უპატრონო, პირქვე...

ბატონო ბიძინა!

მოგმართავთ, როგორც მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, რომლის კადრებით არის დაკომპლექტებული საქართველოს დღევანდელი მთავრობა. თანამემამულეებმა - თქვენმა და სტალინის - შავი უმადურობით გიპასუხეს საჩუქარზე - დაახლოებით სამ მილიარდზე თქვენი საკუთარი სახსრებიდან, რომლებიც საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას დაახარჯეთ! ამიტომ არავითარი იმედი არ არსებობს, რომ ისინი ოდესმე დააფასებენ ერთადერთი ქართველი გენერალისიმუსისა და უმაღლესი მთავარსარდლის გმირობას, რომელმაც მსოფლიოს დიდ სამამულო ომში ფაშიზმზე დიადი გამარჯვება აჩუქა, ჩვენ კი ერთიანი სუვერენული საქართველო გვაჩუქა - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად! ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ ზემოთ მითითებული დამნაშავეები, რომელთა ინიციატივითა და სანქციით იქნა აღებული სტალინის ძეგლი, დღემდე არ არიან მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ხოლო საქართველოში არ გაუქმებულა კანონი „თავისუფლების ქარტია“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გამოსცეთ შესაბამისი განკარგულება, რათა საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად გააფორმოს სტალინის უპატრონო ძეგლის რუსული მხარისთვის მიყიდვა ან უსასყიდლოდ გადაცემა კანონით გათვალისწინებული ყველა - მათ შორის, საბაჟო - პროცედურის გასავლელად, რომლებიც აუცილებელია რუსეთის ფედერაციაში მისი ტრანსპორტირებისთვის. მარშრუტის ქართულ მონაკვეთზე ტრანსპორტირებისას შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ, გორიდან ძეგლის საქართველო-რუსეთის საზღვრამდე ტრანსპორტირება დაავალოთ მაღალპროფესიულ ადგილობრივ კომპანიას, რომელიც თქვენი დავალებით ახორციელებდა დენდროპარკისთვის უზარმაზარი ხეების გადატანას.

ველი თქვენს გადაწყვეტილებას, რათა ის რუს საზოგადოებას ვამცნო.

ღრმა პატივისცემით,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 17 აგვისტო
საქართველო, თბილისი