მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის - სოსო თოფურიძისა და ამავე დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის – ოთარ ნომინაძის დაუყოვნებლივ წინასწარ პატიმრობაში აყვანას მოითხოვს.
კუკავას განმარტებით, ტელეკომპანია "მაესტროს" კვირის ეთერში მთელმა საქართველომ იხილა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ თოფურიძე და ნომინაძე საბერძნეთის მოქალაქეს, სს პასუხისგებაში მიცემულ ნუგზარ ბოჭორიშვილს ბრალის მოხსნის სანაცვლოდ სამ მილიონ დოლარს სძალავდნენ."რამდენიმე დღის წინათ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ე.წ. წლიური ანგარიშის დროს დეპუტატებისგან მოითხოვა, დაესახელებინათ კორუმპირებული ჩინოვნიკების გვარები. სამწუხაროდ, პარლამენტში არ აღმოჩნდა ისეთი დეპუტატი, რომელიც ამ შეკითხვას პასუხს გასცემდა. ჩვენ გვინდა, სააკაშვილს დავუსახელოთ მრავალთაგან ორი ღრმად კორუმპირებული ჩინოვნიკის კონკრეტული გვარი. ესენი არიან სოსო თოფურიძე და ოთარ ნომინაძე", – განაცხადა კუკავამ პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, "თავისუფალი საქართველო" რამდენიმე კვირის განმავლობაში დაელოდება, დაიწყებენ თუ არა სამართალდამცავი ორგანოები მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კუკავა შესაბამისი თხოვნით საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვას გეგმავს, რათა, მისივე განმარტებით, „ამ ორგანიზაციებმა დაიწყონ აღნიშნულ ფაქტზე კერძო გამოძიება და საქართველოს შს სამინისტროს ხელმძღვანელებს სპეციალური სანქციები დაუწესონ“.
შეგახსენებთ, რომ „მაესტროს“ ეთერში გასული ვიდეო–ჩანაწერის მიხედვით, სამართალდამცველების მიერ ძებნილი ნუგზარ ბოჭორიშვილი ხელისუფლებას ფულის გამოძალვის მცდელობაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, კუდ-ის მაღალჩინოსნები ძებნილის სტატუსის მოსახსნელად სამ მილიონ დოლარს სთხოვდნენ, რომელიც მას გელათის მონასტერთან არსებულ ფონდში უნდა ჩაერიცხა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ სამართალდამცველებმა 2010 წლის 2 ივნისს, საერთაშორისო ნარკორეალიზაციის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავეს. შსს–ს ინფორმაციით, საქართველოში დაბადებული ნუგზარ ბოჭორიშვილი, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა, პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან ანასტასია ზაუტაშვილს, მევლუდ სვანიძეს, რომან მუსემიანს, გიორგი ჩეჩელაშვილსა და თენგიზ გურჩიანს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს, რომელშიც "კოკაინის" დიდი პარტიები იყო გადამალული.