საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის მე-11 სასროლეთზე AH-64 „აპაჩის“ ტიპის ვერტმფრენებმა კომბინირებულ საბრძოლო სროლებში მიიღეს მონაწილეობა. ქართულ და ამერიკულ ჯავშანტექნიკას საბრძოლო ვერტმფრენებმა ახლო საცეცხლე მხარდაჭერა აღმოუჩინეს.
სწავლებაში მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ჯავშანტექნიკა, აშშ-ის II საკავალერიო პოლკის საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ და „აბრამსის“ ტიპის ტანკები. პირობითი მოწინააღმდეგის მიმართულებით ცეცხლი ყველა სახის შეიარაღებიდან გაიხსნა.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. წლევანდელი სწავლების მიზანი იყო სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ სწავლების მთავარი გზავნილი იყო – „ძალა პარტნიორობაშია“.