პუბლიკაციები
რიგითი რეზერვისტი წლიურად 3 350 ლარს აიღებს, ხოლო კაპიტანი ან ლეიტენანტი - 4 300 ლარს - „ინტერპრესნიუსი"

     საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. რიგითი რეზერვისტი წლიურად 3 350 ლარს აიღებს, ხოლო კაპიტანი ან ლეიტენანტი - 4 300 ლარს. თავდაცვის სამინისტროში რეზერვისა და მობილიზაციის საპილოტე პროგრამის ფარგლებში მსურველების მიღება მიმდინარეობს. როგორც ინტერპრესნიუსს" შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ შალვა ჯაბახიძემ განუცხადა, ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ.

ჩვენ პირველი აგვისტოდან დავიწყეთ რეზერვისტების მიღება და შერჩევა. ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან კახეთის, აჭარის და გურიის რეგიონში მცხოვრები რიგითიდან კაპიტნის ჩათვლით სამხედრო წოდების მქონე რეზერვისტები, მიიღებიან სამხედრო-სავალდებულო მოხდილი რეზერვისტები და სტუდენტები, მთლიანობაში 19-50 წლამდე ადამიანები.

ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 5-წლიანი კონტრაქტი და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% იქნება, ხოლო რეზერვის გავლის პერიოდში მათი ანაზღაურება შეადგენს 100%- წოდებრივი სარგოსი. რიგითი წლიურად აიღებს 3350 ლარს, ხოლო კაპიტანი ან ლეიტენანტი წლიურად აიღებს 4300 ლარს", - განაცხადა ჯაბახიძემ.

რაც შეეხება საპილოტე პროექტს, მისი თქმით, პროგრამის მიზანია, ეს კონცეფცია, რომელიც ახალი მიდგომით გაკეთდა, გაიტესტოს და 2020 წლიდან სრული დატვირთვით დაიწყოს რეზერვის მომზადება. პროგრამა მოიცავს საბრძოლო მომზადებას, რომელიც დაიწყება 15 ოქტომბრიდან. ეს პროგრამა ძირითადად რამდენიმე ნაწილისგან შედგება. მომზადება არის 5-წლიანი. პირველი წელი დაეთმობა რეზერვისტის ინდივიდუალურ მომზადებას, მეორე წელი იქნება შერწყმა ჯგუფებთან და ოცეულის დონეზე, მესამე წელს მოხდება შერწყმა ასეულის დონეზე, მეოთხე და მეხუთე წელი დაეთმობა დანაყოფების საერთაშორისო მისიებისთვის მომზადებას, რადგან ერთ-ერთი მიზანი რეზერვის არის ისიც, რომ საერთაშორისო მისიებშიც მივაღებინოთ მონაწილეობა რეზერვისტებს.

საპილოტე პროექტი გაგრძელდება ერთი წელი. ერთი წლის მანძილზე მივიღებთ 336 რეზერვისტს. მათგან 328 მიღებული იქნება ორ კადრირებულ ბრიგადაში, რომელიც განთავსებულია ბათუმსა და თელავში. 8 რეზერვისტი მომზადდება კიბერუსაფრთხოების და დაზვერვის მიმართულებით სპეციალისტად", - აღნიშნა ჯაბახიძემ.