უცხოეთი
იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

     საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +39 333 8879123

საგარეო უწყების ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 11:30 საათზე, შტორმის შედეგად, ქალაქ გენუაში ავტოსაგზაო ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო იმყოფება მუდმივ კონტაქტზე იტალიის შესაბამის უწყებებთან.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 15:30 საათის მონაცემებით, გარდაცვლილია 20, დაშავებულია 13 ადამიანი. იტალიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (Sala crisi) ინფორმაციით, ამ ეტაპზე უბედური შემთხვევის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია არ დასრულებულა და ცნობას დაღუპულთა ან დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ ფლობენ.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, ადგილზე მუშაობენ სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. დამხმარე ბრიგადები გენუაში ახლომდებარე ქალაქებიდანაც ჩავიდნენ. დღეს საღამოს გენუაში გაემგზავრება იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე.

1tv.ge