უცხოეთი
თურქეთმა ამერიკულ ავტომობილებზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე ტარიფები გაზარდა

     საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთმა ამერიკულ ავტომობილებზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე ტარიფები გაზარდა. ტარიფების გაზრდა პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მოხდა.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის განცხადებით, ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ თურქეთის ეკონომიკაზე განხორციელებული თავდასხმის გამო მიიღეს.

ტარიფების ზრდა ასევე შეეხო ბრინჯსა და კოსმეტიკურ საშუალებებსაც. თურქეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-მა თურქულ ალუმინსა და ფოლადზე ტარიფები გაზარდა.

დაძაბულობის მიზეზია თურქეთში დაკავებული ამერიკელი პასტორი, ენდრიუ ბრანსონი, რომელსაც ბრალად ედება გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი. პასტორის დაკავების გამო, აშშ-მა თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს სანქციები დაუწესა.

1tv.ge