პოლიტიკა
საქინფორმი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, შესაძლოა, მხარი ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას დაუჭიროს?

     საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. კულუარული ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, შესაძლოა, მხარი ზურაბ პოლოლიკაშვილს დაუჭიროს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს. დაწყებულია თუ არა მმართველ პარტიაში ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები, საქინფორმისთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, ეს სავსებით შესაძლებელია.

2017 წელს გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ ასამბლეაზე ჩინეთში, ქალაქ ჩენგდუში ზურაბ პოლოლიკაშვილი ამ საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად დაამტკიცეს, სადაც ამჟამადაც მუშაობს.

ზურაბ პოლოლიკაშვილი 41 წლისაა, თბილისიდან. მშობლიური ქართულის გარდა, ის ფლობს რუსულ, ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, იაპონურ და პოლონურ ენებს. მუშაობდა საქართველოს ელჩად ესპანეთში, ანდორაში, ალჟირსა და მაროკოში, აგრეთვე საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად UNWTO-ში, რომლის შტაბბინა მადრიდში მდებარეობს. დიპლომატიურ სამსახურამდე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ზურაბ პოლოლიკაშვილი იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი 2009-2010 წლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 2005-2006 წლებში, აგრეთვე თბილისის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ დირექტორი. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პრესტიჟული ესპანური ბიზნესსკოლა IE დაამთავრა.