საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გასაწევი ხარჯები დაახლოებით 42 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 1 200 000 ლარი სატრენინგო საკითხებზე დაიხარჯება, ხოლო 9 მილიონზე მეტი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების საეთერო დროსა და მათი წარმომადგენლების დაფინასებას მოხმარდება - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი ინფორმაციით, არჩევნებისთვის თავდაპირველად 39 მილიონი იყო გამოყოფილი, თუმცა იმის გამო, რომ არჩევნების ჩატარების თარიღი არა 60 დღით ადრე, არამედ უფრო ადრე გამოცხადდა, ამან ხარჯები გაზარდა.
„2018 წლის არჩევნების ხარჯებისთვის დაახლოებით 39 მილიონი იყო გამოყოფილი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნები არა 60 დღით ადრე, არამედ უფრო ადრე დაინიშნა, ამ გაზრდილმა პერიოდმა გამოიწვია ხარჯების ზრდა. არჩევნების დანიშვნას უკავშირდება საარჩევნო ადმინისტრაციაში დროებითი წევრების მატებაც. როგორც იცით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ოლქებში მხოლოდ ერთ წევრს ირჩევს, დანარჩენი 6 დროებითი წევრი კი არის პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული. არჩევნების გაზრდილი პერიოდი იწვევს მათი სახელფასო პერიოდის ზრდასაც. ამან გამოიწვია ის, რომ ბიუჯეტის კორექტირება გახდა საჭირო. დამატებითი ხარჯების გამო დაახლოებით 4 მილიონზე მეტის მოთხოვნა გვიწევდა, თუმცა ცესკოს 700 000 ლარის ოდენობის დანაზოგი ჰქონდა და, შესაბამისად, 3 400 000 ის მოთხოვნა დაგვჭირდება. ეს მოთხოვნა უკვე წარდგენილია ფინანსთა სამინისტროში. ჯამურად რომ ვთქვათ, დაახლოებით 42 მილიონი ლარი იქნება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გასაწევი ხარჯები, საიდანაც 1 200 000 ლარი სატრენინგო საკითხებზე დაიხარჯება, 9 მილიონზე მეტი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების საეთერო დროსა და მათი წარმომადგენლების დაფინასებას მოხმარდება“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.