სამართალი
Human Rights Watch საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაციას ეხმაურება

     საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს ხელისუფლებას მცირე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით შეძენილი ნებისმიერი სახის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციისკენ მოუწოდებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი" ორგანიზაციის ანგარიშზე დაყრდნობით.

ეს არ არის მოწოდება ლეგალიზაციისკენ, რადგან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და პირადი მოხმარების მიზნით ფლობა, შეიძლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დარჩეს, რისთვისაც სანქციის სახით შესაძლოა ჯარიმა გაითვალისწინონ", - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ყოველწლიურად პოლიცია თვითნებურად აკავებს ათასობით ადამიანს ნარკოლოგიური ტესტირების ჩატარების მიზნით, თუმცა, საშუალოდ, ტესტირებების მხოლოდ 30% აჩვენებს დადებით შედეგს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის პოლიტიკისა და პრაქტიკის ზოგიერთი ყველაზე მკაცრი კომპონენტი 2006 წელს შემოიღეს. 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ ამ პოლიტიკის ნაწილობრივი ლიბერალიზაცია შეძლო და შეამცირა სისხლის სამართლებრივი სანქციები ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაზე; ასევე, მიიღო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლითაც ძირითად პრიორიტეტებად საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ნარკოტიკების მოხმარების პრევენცია განისაზღვრა. ნარკოპოლიტიკის შემდგომ ლიბერალიზაციაზე ასევე დადებითად იმოქმედა საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმა. მაგალითად, 30 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ყველა სახის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მარიხუანის მოხმარებისთვის.

საქართველოს მთავრობა ნარკომომხმარებლებს უფასოდ სთავაზობს ოპიოიდური დამოკიდებულების მეტადონით ან სუბოქსინით ჩანაცვლებით მკურნალობას და ხანმოკლე დეტოქსიკაციის და რეაბილიტაციის სერვისს. 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ამ პროგრამების დაფინანსება", — ნათქვამია ანგარიშში.

Human Rights Watch-ში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების მხრიდან მეტი ფოკუსირებაა საჭირო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტიან ღონისძიებებზე, რომლებიც ნარკოდამოკიდებულების პრევენციასა და დაძლევაზე და თანმდევი ზიანის შემცირებაზე იქნება ორიენტირებული.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ 30 ივლისს დააკმაყოფილა პარტია ახალი პოლიტიკური ცენტრიგირჩის" ლიდერთა ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ და გააუქმა ერთადერთი დარჩენილი სასჯელი მარიხუანის მოხმარებისთვის — 500 ლარის ოდენობის ჯარიმა, რითაც, ფაქტობრივად, ნარკოტიკის ამ სახეობის მოხმარების ლეგალიზება მოახდინა. ამგვარად, საქართველოში მარიხუანის მოწევა ლეგალიზებულია.

უფრო ადრე საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ქვეყანაში მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით შსს- ნარკოტიკის მოხმარების შედეგებისგან საზოგადოების დაცვის კონტროლი დაავალა.

მარიხუანის ლეგალიზაციის წინააღმდეგია აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სოციოლოგიური კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 74%. ამავე გამოკითხვის მონაცემებით, მარიხუანის მოხმარებას 18% ემხრობა.

მარიხუანის ლეგალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების დაშვება ერის მტრობას წარმოადგენს.