სამართალი
ესპანეთში დაკავებული ქართველების ექსტრადირების საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია

espanaესპანეთის პოლიციის მიერ დაკავებული 14 ქართველიდან შვიდს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენი შვიდის ბედი კი რამდენიმე საათში დანიშნულ სასამართლო პროცესზე გაირკვევა.

რამდენიმე ეჭვმიტანილმა კერძო ადვოკატის აყვანა შეძლო, ზოგი მათგანი კი სასამართლოზე სახაზინო დაცვით წარსდგება. მათი სახელები და გვარები ამ დრომდე არ ხმაურდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ 14 ქართველს შორის რამდენიმე ქალია. მოხდება თუ არა ქართველების ექსტრადირება და აქვს თუ არა კავშირი საქართველოს შს სამინისტროს ესპანეთის სამართალდამცველ სტრუქტურებთან, ამის გასარკვევად საქინფორმი შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს – ზურაბ გვენეტაძეს რამდენიმე საათის განმავლობაში უკავშირდებოდა, მაგრამ გვენეტაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამის შემდეგ სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს – შოთა უტიაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც კვლავ პრესსამსახურთან გადაგვამისამართა და ყურმილი დაგვიკიდა.

ესპანეთში დაკავებული ქართველების შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობენ არც საგარეო საქმეთა სამინისტროში. შესაბამისად, მათი ექსტრადირების საკითხის გარკვევა ვერც ამ უწყებაში შევძელით.

შეგახსენებთ, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ასაყვანად სპეცოპერაცია ესპანეთის ქალაქებში – ალკოასა და ალიკანტეში ჩატარდა. 15 დაკავებულიდან 14 ქართველია, ერთი კი უკრაინელი. 
ინფორმაცია და სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეომასალა ერთ–ერთმა ესპანურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ჯგუფის წევრები სისტემატურად ძარცვავდნენ საცხოვრებელ სახლებს. 
სამართალდამცავები ამ დროისთვის მათ სავარაუდო მოკავშირეებს და იმ ადამიანებს ეძებენ, რომლებმაც მძარცველებისგან მოპარული ნივთები შეიძინეს. სამართალდამცველები არც იმას გამორიცხავენ, რომ დაკავებულები ნაქურდალს გასაყიდად საქართველოშიც აგზავნიდნენ.