აქტუალური
„ევროპული საქართველო“ მამადოვის გათავისუფლებას მერაბიშვილის საქმისათვის პრეცედენტად მიიჩნევს

     საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. პარტია ევროპული საქართველო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინოს აზერბაიჯანის ციხიდან ოპოზიციონერ ილკერ მამადოვის გათავისუფლება, როგორც პრეცედენტი და დაუყოვნებლივ დაიწყოს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების პროცედურა. როგორც მამადოვს, ისე მერაბიშვილს პატიმრობა სტრასბურგში აქვთ გასაჩივრებული და ორივეს შემთხვევაში დადგენილ იქნა ევროპული კონვენციის დარღვევა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, ევროსაბჭოს წევრი ყველა ქვეყნიდან დღეს მხოლოდ საქართველოს ჰყავს ოფიციალურად პატიმარი, რომელზეც დადგენილია ევროკონვენციის მუხლის დარღვევა“. იუწყებიან აგრეთვე, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორნბიორნ იაგლანდი მიესალმა აზერბაიჯანის სასამართლოს გადაწყვეტილებას ციხიდან ოპოზიციონერ ილკარ მამადოვის გათავისუფლების შესახებ. როგორც იაგლანდი საგანგებო განცხადებაში აღნიშნავს, პოლიტპატიმრებს ევროპაში, უდანაშაულო ადამიანებს არ უნდა წაერთვას თავისუფლება“. აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივის“ ლიდერმა ილკარ მამადოვმა ციხეში დაჰყო შვიდწლიანი პატიმრობის ნაწილი, ხუთი წელი. ჩრდილოეთ აზერბაიჯანის ქალაქ საკის სააპელაციო სასამართლოს 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით, დარჩენილი ვადით მას პირობითი მსჯავრი დაენიშნა. მამადოვი 2013 წლის თებერვალში დააპატიმრეს და ბაქოს ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ ისმაილიში არეულობის ორგანიზების ბრალდება წაუყენეს. 2014 წლის მარტში მას შვიდი წლით პატიმრობა შეეფარდა. ოპოზიციონერს მისი სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნია. უფლებადამცველი ორგანიზაციები და დასავლეთის მთავრობები წლების განმავლობაში მოუწოდებდნენ აზერბაიჯანის მთავრობას მამადოვის გათავისუფლებისაკენ.