პუბლიკაციები
‘შინდისის გმირებს 10 წელი შეუსრულდათ

     საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, უწყების თანამშრომლები, ‘’საქართველოს გენერალთა კლუბის’’ აღმასრულებელი დირექტორი, გენერალ-მაიორი, თეიმურაზ ლორია, შინდისში იმყოფებოდნენ. მათ 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და ‘’შინდისის გმირთა მემორიალი’’ გვირგვინებით შეამკეს.

‘’ რომანი განსაკუთრებული ბავშვი იყო. სკოლა წარჩინებით დაამთავრა. მინდოდა, სწავლა უმაღლესში გაეგრძელებინა, მაგრამ ჯარში უნდა წავიდე, დედა, ჯერ სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა მოვიხადოო. სავალდებული სამსახურის მოხდის შემდეგ, კონტრაქტი გააგრძელა და სენაკის ბატალიონში ირიცხებოდა. წინააღმდეგი ვიყავი..დედა ვარ და ალბათ, ჩემი გული წინასწარ გრძნობდა, რომ ის მალე გამომეცლებოდა ხელიდან... გამნამღველი იყო ჩემი შვილი. ძალიან უყვარდა მისი ჯარის მეგობრები; სულ იქით მიუწევდა გული...ალბათ ეს იყო მისი ბედისწერა...

თუ მეტი დღე არ ქონდა ჩემ შვილს, ის მაინც დამრჩა საამაყოდ, რომ გმირი გავუზარდე ამ ქვეყანას... 17 აგვისტომდე არ ვიცოდი, რომ დაღუპული იყო. მადლობა უწმინდესს და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, რომ მისი საფლავი მაქვს დღეს. მუხათგვერდში, თავის ძმებთან ერთადაა...

... აგვისტოს მოვლენებამდე რამდენიმე ხნით ადრე, სახლში იყო ჩამოსული_ უცნაური მომეჩვენა_ძალიან თბილი, მოსიყვარულე ბიჭი იყო, მაგრამ იმ დღეს ყველას განსაკუთრებული სითბოთი გვექცეოდა... ერთ საღამოს მთხოვა, დედი, ამაღამ იავნანა მიმღერე ისე, როგორც ბავშვობაშიო... გაოცებულმა შევხედე, შევცბი.. ტანში საშინელი სიცივე ვიგრძენი, აუხსნელმა შიშმა შემიპყრო... ვუმღერე იავნანა.. იმ დღის მერე ჩემი შვილი ცოცხალი აღარ მინახავს... არც სხეული გამთბობია’’..განაცხადა
ქალბატონმა მარო ზოიძემ, შინდისელი გმირის, რომან ზოიძის დედამ.

ქალბატონი მარო შინდისის გმირების მემორიალის უკან, იმ ადგილზე იდგა, სადაც ალეკო ონიანმა, თავის დაჭრილ ნათლულ, რომან ზოიძესთან ერთად, თავი აიფეთქა, მტერს ტყვედ რომ არ ჩავარდნოდა. იგი ალეკოს მემორიალურ ქვას ცრემლიანი ეფერებოდა...

შეგახსენებთ, შინდისის ბრძოლა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურის ახლოს იყო ჩასაფრებული, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ბრძოლამ, დაახლოებით, ერთ საათამდე გასტანა, რომლის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ დახმარება ორჯერ გამოიძახა. ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით, მტერი თითქმის ყველა იარაღიდან ისროდა, მათ შორის, ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან.

17-მა ქართველმა მებრძოლმა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლა და გმირულად დაიღუპა.
2008 წლის 11 აგვისტოს შემდეგ, შინდისში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ადგილი, გმირთა მემორიალად იქცა.

დიდება გმირებს!