საზოგადოება
ციანიდი პატრიარქისთვის: პატრიარქის მოცილება ვისაც სურდა, ლამის გმირად აცხადებენ! - მეუფე იაკობი

     საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეს ქადაგების დროს გამოეხმაურა.

საზოგადოების ნაწილი ისე დაეცა, ავაზაკს, პატრიარქის მოცილება ვისაც სურდა, იმ დაჯგუფების ერთ-ერთ წევრს, აცხადებენ ლამის გმირად და ლამის მოწამედ. თითქმის ორი წელია მაგათ ავაზაკობას ვითმენ. არ გეგონოთ, რომ შეწყალების მოწინააღმდეგე ვარ, მე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევი. ვისაც პატრიარქის მოცილება უნდოდა, იმას კაცად აცხადებენ. თავიდანვე რომ კაცი არ არის, ის როგორ უნდა იყოს ან მღვდელი ან ეპისკოპოსი. დაგვაცადონ, ჩავატარებთ სინოდს და ყველა ვნახავთ, ვინ არის ეკლესიის მტერი და ვინ არის მოყვარე. გამოუშვან, მაგრამ რასაც ვითმენდი, როგორც მლანძღავდნენ, აღარ მოვითმენ - თითქოს მე დავაჭერინე, მე შევუკვეთე ციანიდი? მაგათ რა ჰგონიათ, არ ვიტყვი, რას აპირებდნენ და რას არ აპირებდნენ? სხვებზეც არ ვიტყვი, უნდოდათ თუ არა პატრიარქის მოცილება? იმიტომ მებრძვიან, რომ მაგათ არ დავანებე. მშიშარას მიწოდებენ და ზოგი გრიგოლიას კალთას ეფარება, ზოგი მელაძის. ბერობა და ეპისკოპოსობა ლაჩრობას არ ნიშნავს. ჩემს პატრიარქს ბოლომდე დავიცავ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ა.წ. 9 აგვისტოს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მათი დაცვის ქვეშ მყოფის შეწყალების თხოვნით მიმართეს. ადვოკატების განცხადებით, მიუხედავად შეწყალების თხოვნისა, დეკანოზი თავს უდანაშაულოდ ცნობს.