საზოგადოება
რუბლის კურსის ვარდნამ თურქული ლირის და ქართული ლარის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია

     საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. თბილისში, სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლარის კურსი 2,49-2,55 ლარის ფარგლებში მერყეობს. ეროვნული ვალუტა უფასურდება. მიზეზი კი დოლართან მიმართებაში თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურებაა.

Bloomberg-ის მონაცემებით, ერთი დოლარის ფასი უკვე 2,5465 ლარის ნიშნულზეა.

ლარის კურსი გაუფასურებულია სავალუტო ჯიხურებსა და ბანკებში. მაგალითად, „თიბისი ბანკის“ ვებგვერდის მონაცემებით, დოლარის გაყიდვის კურსი არის 2,49 ლარი, დოლარის ყიდვა კი 2,58 ლარად არის შესაძლებელი. „საქართველოს ბანკში“ კი 1 დოლარის გაყიდვა 2,49 ლარია, ხოლო ყიდვა – 2,57 ლარი.

ბოლო დღეებში შეიცვალა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსიც. თუ პირველი აგვისტოს მდგომარეობით დოლარის ფასი 2,4484 ლარი იყო, 9 აგვისტოს საშუალო კურსმა 2,4687 ლარი შეადგინა.

თურქეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, გაყიდოს უცხოური ვალუტა და ამით ეროვნული ვალუტის გამყარებას დაეხმაროს.

დოლარი ვერ ჩაგვიკეტავს გზას, არ ინერვიულოთ. თუ ვინმეს აქვს დოლარი ან ოქრო ბალიშის ქვეშ, უნდა წავიდნენ და ჩვენს ბანკებში ლირა იყიდონ. ეს არის შიდა, ეროვნული ბრძოლა”, - განაცხადა ერდოღანმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე თურქული ლირის ღირებულება ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. 1 დოლარის ფასმა ვაჭრობისას 6 ლირას გადააჭარბა. ბოლო ერთ წელიწადში მინიმალურ ნიშნულზეა რუსული რუბლიც – 1 დოლარის ღირებულება 66 რუბლს აჭარბებს.