პოლიტიკა
სალომემ "დაზადნა": 2008 წელს აგრესორი რუსეთი იყო

      საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. კითხვაზე, თუ ვინ იყო აგრესორი 2008 წელს, პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი: რუსეთი; კითხვაზე, შეიტანეს თუ არა წვლილი რუსული სცენარის განხორციელებაში სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ, პასუხი არის ასევე ერთმნიშვნელოვანი: დიახ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, გასული ორი დღის განმავლობაში აგვისტოს ომზე მის კომენტარებთან დაკავშირებით არაერთი განცხადება და ინტერპრეტაცია მოისმინა.

„1. კითხვაზე, თუ ვინ იყო აგრესორი 2008 წელს, პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი: რუსეთი. რუსეთს 2008 წლის აგვისტომდეც უკანონოდ ჰქონდა დაკავებული ჩვენი ტერიტორიები და საგულდაგულოდ ემზადებოდა აგვისტოს ომისთვის, რაზეც ინფორმაცია ჰქონდა, მათ შორის, სააკაშვილს და მის გარემოცვას, 2008 წლის აგვისტოში პროცესები წარიმართა რუსეთის სცენარის შესაბამისად, რამეთუ აგვისტომდე დიდი ხნით ადრე იყო მომზადებული;

2.
კითხვაზე, შეიტანეს თუ არა წვლილი რუსული სცენარის განხორციელებაში სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ, პასუხი არის ასევე ერთმნიშვნელოვანი: დიახ.

მეტიც, სააკაშვილის და მისი გარემოცვის უგუნურობა და მოღალატეობრივი ქცევა იყო პუტინის სცენარის განხორციელების აუცილებელი წინაპირობა. იმის მაგივრად, რომ რუსულ პროვოკაციებზე სააკაშვილს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფით და საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების გამახვილებით ეპასუხა, მან რუსეთის სამხედრო პროვოკაციებს სამხედრო პასუხი გასცა, რაც რუსეთის მიერ გამოყენებულ იქნა საბაბად საქართველოს წინააღმდეგ ომის დასაწყებად, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

მისი შეფასებით, ეს იყო მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის უდიდესი დანაშაული ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე, რისი გახსენებაც ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია“.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი განმარტავს, ამ ყველაფრის შეხსენება ორი მიზეზის გამოა აუცილებელი: არ დაბრუნდნენ დამნაშავეები ხელისუფლებაში და მომავალში არც ერთმა ხელისუფლებამ არ ჩაიდინოს მსგავსი გამოუსწორებელი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

მე ამ ყველაფერს ვიტყვი ყოველთვის, რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს, ეს სიმართლეანაციონალებისადა მათი სატელიტებისთვის, რომლებიც იყვნენ და არიან რუსეთისა და ანტიდასავლური ძალების საუკეთესო საყრდენი ჩვენს ქვეყანაში.

და ბოლოს, ჩემთვის რაიმეს დაბრალება, მეტადრე იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ჩემი დიდი ძალისხმევით გაყვანილი რუსული ჯარები 2008 წელს რუსეთს უკან შემოაყვანინა, არის სხვა არაფერი, თუ არა უტიფრობა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გადაფარვის უსუსური მცდელობა“, – წერს ზურაბიშვილი.

მისი თქმით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ეს მისი საბოლოო კომენტარია.

წინ გველის საინტერესო საპრეზიდენტო, ევროპული კამპანია, რომელიც უმეტესად მომავალზე საუბრის ფონზე უნდა წარიმართოს”, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.