პოლიტიკა
ნიკა გილაურის სომხეთში ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაიჟღერა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის თემამ. ,,აღნიშნულ საკითხს საქართველოსთვის სტრატეგიული დანიშნულება აქვს და საკონტროლო პაკეტი სახელმწიფო მფლობელობაში დარჩება," – განაცხადა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ შარშან, ივლისში, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, მაგისტრალური გაზსადენი ”ჩრდილოეთი-სამხრეთი” სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან ამოღებულია და, შესაძლოა, პრივატიზაციას დაექვემდებაროს.
ამის შემდეგ, გაზსადენის შეძენით დაინტერესდა აზერბაიჯანული კომპანია “სოკარი”, რომელსაც სრული პაკეტის შეძენა სურს. მაგისტრალის ხელში ჩაგდება ბაქოში მთავარ ამოცანად დაისახეს. ამ ფაქტმა შეშფოთება გამოიწვია სომხეთში, სადაც ფიქრობენ, რომ გაზსადენის შეძენისას მას ბაქო სომხეთის შანტაჟისთვის გამოიყენებს. ამიტომ მაგისტრალის შეძენის სურვილი სომხეთშიც გამოთქვეს. ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ გაზსადენი არ გაიყიდება. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” აქციების ნაწილს საერთაშორისო ბირჟებზე განათავსებენ, თუმცა სახელმწიფო საკონტროლო პაკეტს არ დათმობს.