რედაქტორისგან
ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა და რუსებმა ერთობლივ დეკლარაციას უნდა მოაწერონ ხელი! - დაუჭერს თუ არა მხარს მოსკოვი საქინფორმის მთავარი რედაქტორის ინიციატივას?

     08.08.08. ომის მე-10 წლისთავზე საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი საქართველოში ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების და მათი შედეგების დაძლევის ახალი ინიციატივით გამოდის.

პირველი ნაწილი

•     პრეზიდენტმა მედვედევმა პრეზიდენტ პუტინს საქართველოში მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა - რუსეთმა, შესაძლოა, სტალინის სამშობლო მეორედ დაბომბოს, ამჯერად უკვე მისი ნატოში “შესვლის“ გამო. 2008 წლის აგვისტოს ომიც უცბად არ დაწყებულა - მას წინ უძღოდა ნაკლებად მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტები, მრავალჯერადი პროვოკაციები და მოსკოვის გაფრთხილებები. პრეზიდენტმა სააკაშვილმა არ გაითვალისწინა პრეზიდენტ გამსახურდიას მიერ ცხინვალის რეგიონში და პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ აფხაზეთში მიღებული მწარე გაკვეთილები და შემდგომი ესკალაციისა და მარიონეტული „მთავრობების დევნილობაში“ შექმნის გზით წავიდა, რომლებიც რატომღაც დღესაც არსებობენ და აფხაზებისა და ოსების უკმაყოფილებას იწვევენ. ავანტიურისტმა, ლაჩარმა და სადიზმისკენ მიდრეკილმა ფსიქოპათმა სააკაშვილმა ყურად არ იღო აშშ-ისა და ევროპის, კერძოდ, პრეზიდენტ ბუშის არაერთგზის გაფრთხილებაც კი - ამერიკის მხარდაჭერის იმედი არ ჰქონოდა და ომი არ დაეწყო!

•     ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებით, მედვედევს საქმე 2008 წლის 7 აგვისტომდე არ უნდა მიეყვანა, შემდეგ კი რუსი მშვიდობისმყოფელების ბატალიონი მსხვერპლად შეეწირა, საქართველოში ჯარი შემოეყვანა და ორი თვითგამოცხადებული „რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა ეღიარებინა. საჭირო იყო მხოლოდ სააკაშვილის გასანეიტრალებლად პრევენციული ელვისებური სპეცოპერაციის ჩატარება, რომლის შედეგად დღეს საქართველო და უკრაინა აყვავებული, სუვერენული და რუსეთისადმი მეგობრული სახელმწიფოები იქნებოდნენ, ათიათასობით ადამიანი ცოცხალი დარჩებოდა, ასიათასოით დევნილი არ იქნებოდა, ხოლო „ვარდების რევოლუციის“ და „ევრომაიდნის“ ორგანიზატორი სიცოცხლის ბოლომდე საზოგადოებისგან იზოლირებული იქნებოდა. ელემენტარული სპეცოპერაცია - სამდღიანი ომის ნაცვლად, რომელმაც დასავლურ პროპაგანდას ინსინუაციების უშრეტი წყარო შესძინა, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს მილიარდებს დაუზოგავდა.

იმ ქვეყნისთვის, რომლის სპეცდანაყოფებმა 1979 წელს ბრწყინვალედ ჩაატარეს ქაბულში ამინის სასახლის დაპყრობის სპეცოპერაცია „შტორმი 333“, დაუცველ თბილისში გარემოცვის მიერ მიტოვებული, შიშისგან ჰალსტუხის ღეჭვით დაკავებული სააკაშვილის შეუმჩნევლად დაპატიმრება უადვილესი იყო. ეს გაცილებით უფრო ჰუმანური და სამართლიანი იქნებოდა, ვიდრე ერთმორწმუნე საქართველოს დასჯა ერთი დამნაშავის გამო, თუნდაც ის დროებით უმაღლესი ძალაუფლებით ყოფილიყო აღჭურვილი, და „საყვარელი ქართველი ხალხის“ გაიგივება სააკაშვილთან, რომელმაც ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა! როგორი შესახედავი იქნებოდა დღეს მსოფლიოს რუკა, ყოველი მაქციას გამო, რომელმაც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, თუნდაც კონსტიტუციური წესრიგის დამყარების საბაბით, არმია გამოიყენა, ქვეყნები თავიანთი ტერიტორიების 20-20%-ს რომ კარგავდნენ?!

•     ექსმმართველი ომის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და ამჟამად მმართველი „ქართული ოცნების“ პოზიციების სოლიდარიზაციამ საკითხში - ვინ დაიწყო პირველმა ომი - იქამდე მიგვიყვანა, რომ სააკაშვილის დაგმობა, რომელიც „პროვოკაციას წამოეგო და საომარი ავანტიურა გააჩაღა“ - რაც ახალი ხელისუფლების მოსვლის პირველ წლებში გაისმოდა, შეიცვალა სააკაშვილის უპირობო მხარდაჭერით, რომელიც „ვინმესთან ომს პირველი ვერ დაიწყებდა, იმიტომ რომ თავისი სახელმწიფოს - საქართველოს საზღვრებში მოქმედებდა, რომელსაც აგრესორი და ოკუპანტი რუსეთი დაესხა თავს“. ამ დემაგოგიურ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა უმრავლესობის მხრიდან ნულზე დაჰყავს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა მიმართული. იმ ომის მოთავეები დღეს პარლამენტარები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები ან პოლიტიკური დევნილის სტატუსის მქონე უზრუნველყოფილი ემიგრანტები არიან!

ვადასტურებ: 2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს სააკაშვილი ქალაქ ცხინვალს „გრადებით“ მართლაც საქართველოს ტერიტორიაზე ბომბავდა; სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებიდან პირდაპირი დამიზნებით დაცხრილა ყაზარმის არასაიმედო კედლებს შეფარებული, მხოლოდ ავტომატებით შეიარაღებული რუსი მშვიდობისმყოფელები, რა დროსაც მათმა მეთაურმა - გენერალმა კულახმეტოვმა კონტუზია მიიღო; სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიაზე სასიკვდილოდ გააგზავნა ათასობით ქართველი გაუწვრთნელი ჯარისკაცი და რეზერვისტი, რომელთა ათეულობით მიტოვებულ გვამს ტყეებში ღორები ჭამდნენ, სანამ 58-ე არმიის დაჭრილი სარდლის, გენერალ ხრულიოვის თხოვნით - „ბოლოს და ბოლოს, მართლმადიდებლები არ ხართ?!“ - ისინი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არ გამოზიდა თავის ბერებთან ერთად...

მაგრამ დიდი ხანია, დავიწყებას მიეცა ტალიავინის კომისიის დასკვნა და ივანიშვილის პრემიერობის დროს იმ ომის გარემოებათა გამოძიებისთვის შექმნილი საპარლამენტო კომისია! მის მთავარ დამნაშავეს - მთავარსარდალ სააკაშვილს - საქართველოს მთავარი პროკურატურა ყოველგვარ ბრალდებებს უყენებს, სახელმწიფოს ხარჯზე პიჯაკების, პალტოების და საყვარლებისთვის სამკლაულების შეძენის ჩათვლით, მაგრამ არა - სამხედრო დანაშაულში, რომელმაც ასეულობით მსხვერპლი, ათასობით დაჭრილი, ასიათასობით დევნილი და ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე მეტის დაკარგვა მოიტანა!

მეორე ნაწილი

•     დროა, ვაღიაროთ, რომ ქართველების შერიგება რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან შეუძლებელია, სანამ ისინი ერთად არ მივლენ მათ შორის კონფლიქტების მიზეზების შესახებ საერთო მნიშვნელთან. ამიტომ ჟენევის მოლაპარაკებათა მთავარი საკითხი უნდა გახდეს ერთობლივი ოთხმხრივი დეკლარაციის შემუშავება, რომელშიც მხარეები მიუთითებენ როგორც კონკრეტულ დამნაშავეებს, ისე აფხაზეთში (1992 წ.) და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში (2008 წ.) სამოქალაქო ომების აღმოცენების წინაპირობებს. პოლიტიკური ნებისა და პროფესიონალიზმის არსებობის შემთხვევაში ერთობლივი დეკლარაციის შემუშავება დიდ დროს არ მოითხოვს, იმიტომ რომ იმ ომების წინაპირობები და დამნაშავეები ყველამ კარგად იცის - საქმე მხოლოდ კორექტულ, ჩვენი ხალხებისათვის საკადრის, მომავალზე ორიენტირებულ ინტერპრეტაციაზეა.

•     დეკლარაცია ამავე დროს ძალის გამოუყენებლობის სწორედ იმ გარანტიად იქცევა - როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან - რომელსაც კონფლიქტის ყველა მხარე დიდი ხანია, ელოდება, აგრეთვე, იურიდიულ საძირკვლად, რომელზეც შესაძლებელია საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგი. თუკი რფ-ის მთავრობის მეთაური მედვედევი მართლაც მზად არის „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სრულფასოვანი აღდგენისთვის“, როგორც გასულ კვირას „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა, მაშინ ამ ინიციატივას ხელი შეუწყოს, დაარწმუნოს აფხაზები და ოსები ქართველებთან შერიგების აუცილებლობაში და შეთანხმების პერსპექტიულობაში!

•     ჟენევის მოლაპარაკებებზე დელეგაციების ფორმატი და მუდმივი შემადგენლობა უნდა შეიცვალოს - ერთობლივ დეკლარაციაზე მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ ყველა მხარისათვის მისაღები წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი ობიექტურობის, პასუხისმგებლობის და უზადო ბექგრაუნდის გამო ავტორიტეტით სარგებლობენ, მყარი მსოფლმხედველობა და კრეატიული აზროვნება აქვთ. სრულუფლებიანი მანდატები უნდა მიიღონ რეალ-პოლიტიკოსებმა, ანუ სამოქალაქო საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა, იურისტებმა, პოლიტოლოგებმა და ჟურნალისტებმა, და არა ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვედრილმა „ახალმა სახეებმა“, რომლებსაც გამოცდილება და სახელმწიფოებრივი აზროვნება არ გააჩნიათ, ოფიციალური მოვალეობები და არაოფიციალური ვალდებულებები აწევთ ტვირთად. ჟენევაში შეხვედრას წინ უნდა უძღოდეს კონსულტაციები მოსკოვში, თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში, სადაც ერთობლივი დეკლარაციის ავტორთა ნდობის მანდატით აღჭურვილი ჯგუფი შემდგომშიც ჩაატარებს დარეგულირების პროცესის მონიტორინგს.

მესამე ნაწილი

•     საქართველოს მიმართ რუსეთის ხელმძღვანელების ბოლო ხანებში უპრეცედენტოდ გახშირებული განცხადებები (ზოგჯერ - წინააღმდეგობრივი, „განუხრელად უმჯობესდება“ – „უკიდურესად უარყოფითად“ – „საშინელ კონფლიქტს“ დიაპაზონში) მოწმობს სამხრეთ ფლანგზე რუსეთის ფედერაციის გააქტიურებას კავკასიაში პოზიციების გასამყარებლად რეგიონში ნატოს გაზრდილი ყოფნის და კონტროლიდან გასვლის მოწადინე სომხეთის გათვალისწინებით - ბელარუსის მერე ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი უკვე მეორე ქვეყანაა, რომელიც „ჭირვეულ ხასიათს“ ამჟღავნებს.

სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ რუსეთიდან - თბილისის კონტროლიდან გასული რეგიონების გავლით - სომხეთში არ მუშაობს და არც იმუშავებს, იმიტომ რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების საზღვრების პირდაპირ აღიარებას წარმოადგენს. იგივე ეხება რუსეთიდან სოხუმის და თბილისის გავლით ერევნამდე რკინიგზის გახსნას. რუსეთს კი აუცილებლად ესაჭიროება სომხეთისთვის სასიცოცხლო ამ გზების გაკონტროლება (ისევე, როგორც დღეს აკონტროლებს ერთადერთ მოქმედ სატრანსპორტო მარშრუტს ზემო ლარსის გავლით), რათა, სომხეთის საქციელიდან გამომდინარე, ისინი ან გახსნას, ან არა - ანუ ან წაახალისოს, ან დასაჯოს.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, რუსეთში ესმით, რომ ამ თვითკმარ ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობა, ისევე, როგორც ნატოს წევრ თურქეთთან, დაკავშირებულია ყარაბაღის პრობლემასთან, ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებთან, ვითარებასთან სირიაში, ირანთან, აგრეთვე ქურთების პრობლემასთან. აზერბაიჯანი, რომელიც ევროპას კასპიის ზღვის ნავთობაირსაგანძურს საქართველოს და თურქეთის გავლით აწოდებს, ყოველთვის რუსეთის კონკურენტი იქნება.

•     ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებთან დაკავშირებით, რუსეთში საგანგებოდ ატეხეს განგაში, ვითომდა, საქართველოს ნატოში უსწრაფესად შესვლის გამო, თუმცა მოსკოვმა კარგად იცის, რომ ნატოს სამიტზე ბრიუსელში 2018 წლის 11-12 ივლისს საქართველოს ხილულ მომავალში ალიანსის წევრობაზე უარი უთხრეს („გარკვეულ დროს შანსი ექნება, მაგრამ არა ახლა“ - სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოსვლიდან; „MAP-ი საქართველოს ნატოში გაწევრიანების განუყოფელი ნაწილია“ - ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დეკლარაციიდან; „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის შემადგენელი ნაწილი არ არის, ჯერ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების შესახებ ნატოს წევრი ქვეყნების კონსენსუსური გადაწყვეტილება უნდა შედგეს“ - ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის გამოსვლიდან 2018 წლის 27 აპრილს ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებათა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე).

სწორედ უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს მიღებაზე ნატოს უარის გათვალისწინებით, რუსეთს ხელს აძლევს „ევროატლანტიკური“ საქართველოს გარშემო ვითარების კატალიზება, რათა სამხრეთ კავკასიაში „ადეკვატური“ გადაწყვეტილებების მიღების ოპერატიული აუცილებლობის წარმოშობის შემთხვევაში არგუმენტები ჰქონდეს. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი დასწრებაზე იმოქმედებს, თუკი საქართველოში აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ან|და ნატოს ბაზა გამოჩნდება, ან აშშ-ის სამხედრო გემები საქართველოს საზღვაო პორტებში მონტრეს კონვენციით დადგენილ ვადაზე მეტხანს გაჩერდებიან - ნატოს ფლოტილიის შემადგენლობაში, რომელიც „შავ ზღვაზე რეგიონულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“.

•     იმ პირობებში, როდესაც დასავლეთი საქართველოს რუსეთის მორიგ შესაძლო აგრესიაში და ახალი ტერიტორიების ანექსიაში არწმუნებს, რუსეთი კი მის გადარწმუნებას არ ცდილობს - საქართველოს ხელისუფლებასთან გულითად საუბარს არ კადრულობს, საქართველოს ხელისუფლებაამას არცთუ საუკეთესო ლეგენდას უპირისპირებს: აქაოდა, საქართველო ნატოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დასაბრუნებლად ომისთვის კი არა, რუსეთისგან დაცვის მიზნით ირჩევს, და რომ ნატო საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ კი არ არის, პირიქით - სტაბილური და ძლიერი მეზობელი ნატოს წევრი საქართველოს სახით - რუსეთის ინტერესებშია!

ამ ნაკლებად დამაჯერებელი ფორმულის ნაცვლად საქართველოს ხელისუფლებას ვთავაზობ, საქართველოსადმი რუსეთის „უცებ“ გაზრდილი ინტერესი ქართული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენოს, ძალისხმევის კონცენტრაცია მოახდინოს ზემოთ მითითებული შეთანხმების - ქართულ-აფხაზურ-ოსურ-რუსული ოთხმხრივი ერთობლივი დეკლარაციის - ლობირებასა და მომზადებაზე და წარუდგინოს ის მოსკოვს, როგორც თბილისის საქმიანი წინადადება კრემლის მხრიდან დიალოგისთვის მიწვევის პასუხად.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 13 აგვისტო
საქართველო, თბილისი