პოლიტიკა
რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი, 2008 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეუშალა ხელი საქართველოში რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას – პრემიერი ბახტაძე

     საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ერთმნიშვნელოვანია, რომ რუსეთი არის აგრესორი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას 90-იანი წლების დასაწყისშივე ახორციელებდა.

რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის ერთმნიშვნელოვანი. უფრო მეტიც, მას ეს არ გაუკეთებია მხოლოდ 2008 წელს, 90-იანი წლების დასაწყისშივე რუსეთი ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, მათ შორის, ამერიკელი მეგობრები აცხადებენ, რომ მეგობარი ქვეყნები აფრთხილებდნენ საქართველოს მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ რუსეთი საომარი ოპერაციების სცენარის განხორციელებას გეგმავდა.

სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ იმის მაგივრად, თავიდან აერიდებინა მსგავსი მოვლენების განვითარება და მოეხდინა ჩვენი მეგობარი ქვეყნების, მსოფლიოს თანამეგობრობის ჩართულობით პრევენციაზე ორიენტირება, ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას საქართველოში. მათ ვერ აარიდეს ქვეყანას ეს საფრთხე და, შესაბამისად, მთელი საქართველო აღმოჩნდა კატასტროფულ სიტუაციაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოისმინა განცხადება, რომ რუსეთმა აგრესია განახორციელა 2008 წელს და 90-იან წლებზე ბევრი არ ლაპარაკობს.

მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორების ფაქტობრივ ანექსიას ახორციელებდა 90-იან წლების დასაწყისშივე, მაშინ, როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და სწორედ ამის შემდეგ ჩაირთო ის აგრესიული მანქანა, რომელმაც გააგრძელა თავისი სცენარების რეალიზება უკვე 2008 წელს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერმა განმარტა, ეს არის მისი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის შეფასება. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულება და გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან.

ეს არის ჩემი შეფასება, ჩვენი პოლიტიკური გუნდის შეფასება. რა თქმა უნდა, რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ მათ აქვთ აღებული ვალდებულება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მიხედვით და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ გაიყვანონ თავიანთი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან, ისევე, როგორც ამას ითვალისწინებს ეს საერთაშორისო შეთანხმება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.