უცხოეთი
აღმოსავლეთ ლიბიის ხელმძღვანელობამ ვლადიმერ პუტინს სთხოვა, პირადად ჩაერიოს ქვეყნის კრიზისის დარეგულირებაში

     საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელმძღვანელობამ ვლადიმერ პუტინს სთხოვა, პირადად ჩაერიოს ქვეყნის კრიზისის დარეგულირების საქმეში. ლიბიის ნაციონალური არმიის წარმომადგენლის, გენერალ აჰმედ ალ-მისმარის განცხადებით, ლიბიის პოლიტიკური არენიდან უცხო სახელმწიფოები, მაგალითად თურქეთი, ყატარი და იტალია უნდა გავიდნენ და მნიშვნელოვანი როლი რუსეთმა უნდა ითამაშოს.

ლიბიის ნაციონალური არმიის სარდლობას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და თავდაცვის სამინისტროსთან რეგულარული კონტაქტი აქვს. ლიბიის ნაციონალურმა არმიამ და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედმა პარლამენტმა თურქეთი, ყატარი და სუდანი ლიბიის ტერიტორიაზე ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან თანამშრომლობაში არაერთხელ დაადანაშაულა.

ლიბიაში ამჟამად ორხელისუფლებიანობაა. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და ქალაქ ტობრუკში ეროვნული პარლამენტი მოქმედებს, რომელიც მარშალ ხალიფა ხაფტართან და მის არმიასთან თანამშრომლობს.

ქვეყნის დასავლეთს, დედაქალაქით ტრიპოლში, გაეროსა და ევროკავშირის დახმარებით ფორმირებული მთავრობა მართავს, რომელსაც ფაეზ სარაჯი ხელმძღვანელობს.

1tv.ge