ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე „ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (საქმე № 35403/06) გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ დადგენილად ცნო მოპასუხე სახელმწიფოს, საქართველოს მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა, ვინაიდან 2005 წელს ზურაბ ცინცაბაძის ციხეში გარდაცვალების ფაქტზე დამოუკიდებელი, ობიექტური და ეფექტური გამოძიება არ ჩატარდა.
ზურაბ ცინცაბაძეს მისჯილი ჰქონდა თავისუფლების 3 წლით აღკვეთა და 2005 წლის 6 ივლისიდან სასჯელს ხონის №9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა. იმავე წლის 30 სექტემბერს ცინცაბაძე ციხის საკუჭნაოში ჩამოხრჩობილი იპოვეს.
სხვა დარღვევებთან ერთად, სასამართლომ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოყო. კერძოდ, საქმე ეხება სასიყვარულო წერილს, რომელიც ვითომდა დაწერილი იყო გარდაცვლილის მიერ ყოფილი ცოლისადმი და რომელსაც გამოძიება დაეყრდნო როგორც თვითმკვლელობის მიზეზს. სინამდვილეში წერილი დათარიღებული იყო ცინცაბაძის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი თვით გვიანდელი თარიღით. გარდა ამისა, წერილი დაწერილი იყო ვინმე „ნინოსადმი“, მაშინ, როცა პატიმრის ყოფილ ცოლს მაკა ჰქვია. ამასთან, წერილი მორგში პატიმრის გარდაცვალებიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ აღმოაჩინეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ „აღნიშნული მტკიცებულების სანდოობა ვერ უძლებს მცირეოდენ კრიტიკასაც კი“.
საგამოძიებო ორგანოებმა არ გამოიძიეს ცინცაბაძის მკვლელობის ვერსია, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი მუდმივად აღნიშნავდა, რომ მის შვილს პრობლემები ჰქონდა „ობშიაკში“ ფულის შეტანასთან დაკავშირებით და რამდენიმეჯერ სთხოვა ოჯახის წევრებს ამ მიზნით ფულის ჩარიცხვა. გამოძიებას სრულყოფილად, ასევე, არ გამოუძიებია ცინცაბაძესთან ერთად ციხეში მყოფი პატიმრის ჩვენება ცინცაბაძის ვალებთან დაკავშირებით და რომ ამის გამო მას პრობლემები ჰქონდა სხვა გავლენიან პატიმრებთან.
საქართველოს დაეკისრა განმცხადებლისთვის, ზურაბ ცინცაბაძის დედისათვის, მორალური ზიანის მიყენების გამო 15 ათასი ევროს გადახდა.
ევროპის სასამართლოში განმცხადებლის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი (EHRAC) წარმოადგენდნენ.
აღსანიშნავია, რომ ცინცაბაძის მკვლელობა სასჯელაღსრულების მინისტრად განათლებისა და მეცნიერების ახლანდელი მინისტრის – დიმიტრი შაშკინის მუშაობის დროს მოხდა და ამდენად, აღნიშნულ საქმეზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში, სწორედ ის არის. თუმცა, ტრადიციულად, შაშკინისთვის მსგავს ფაქტებზე პასუხი არასდროს არავის მოუთხოვია.