რუსეთს შეიძლება ოდესმე ვაპატიოთ, მაგრამ არასდროს დავივიწყებთ! - გრიგოლ ვაშაძე
აქტუალური
რუსეთს შეიძლება ოდესმე ვაპატიოთ, მაგრამ არასდროს დავივიწყებთ! - გრიგოლ ვაშაძე

     საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. ოპოზიციური პარტიების გაერთიანების ძალა ერთობაშია საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, პარტიის წევრებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„2008 წლის სამხედრო-ტერორისტულ აგრესიაში რუსეთს ყველაფერი ჰქონდა მზად. ცხინვალის რეგიონში უკვე განთავსებული იყო რუსეთის სამხედრო შენაერთები, ოსური ბანდფორმირებები მომზადებული იყვნენ. ის კი არა, მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რაოდენობაც კი იყო უკვე განსაზღვრული, რომელიც ვინმე ბასტრიკინმა გაახმოვანა 2008 წელს. მაგრამ ამ ადამიანების გმირობამ და მათი სისხლის ფასად საქართველომ სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა.

1990
წლიდან მეექვსე ომი იყო, რომელიც საქართველოს ჰქონდა რუსეთთან, მაგრამ ეს ომი იყო პირველი, როდესაც რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული და ტაქტიკური გეგმა პირდაპირ მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებაზე. ჩვენი არმიისა და მოსახლეობის, ასევე საქართველოს ხელისუფლებისა და მოკავშირეების ძალისხმევით ეს გეგმა ჩაიშალა. არასოდეს ჩვენ ამას არ დავივიწყებთ. რუსეთის ფედერაციას შეიძლება ოდესმე ვაპატიოთ, მაგრამ არასდროს დავივიწყებთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, ქართველმა ამომრჩეველმა უნდა შეაფასოს სალომე ზურაბიშვილი, მისი განცხადებები, პიროვნება და მსოფლმხედველობა.

ეს ჩემი საქმე არ არის. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება იმდენად არის წინ წასული, რომ მონახავს ადეკვატურ სიტყვებს და ადეკვატურ ქმედებებს იმისათვის, რომ ამ ქალბატონის პიროვნებაც და განცხადებებიც თავად შეაფასოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ჩემი საქმე. მე ჩემს კამპანიას უნდა მივხედო“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ომი საუკუნის წინ რუსეთმა დაიწყო, 2008 წლის აგვისტოში კი ჩვენ ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და საომარი ვითარების ეს ნაწილი საქართველომ დაიწყო.