პუბლიკაციები
ფრიდონ თოდუა: ძნელია ცხოვრება და მით უფრო უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

fridon-toduaფრიდონ თოდუას წარდგენა არ სჭირდება - საქართველოში მას ყველა იცნობს - როგორც მკურნალს, საზოგადო მოღვაწეს და კარგ კაცს.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პირველი ვიცეპრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კლინიკის ფუძემდებელი, სამეცნიერო ხელმძღვანელი, საქართველოს და უცხო ქვეყნების სახელმწიფო ჯილდოების კავალერი და უამრავი რეგალიის მქონე საერთაშორისოდ აღიარებული მედიკოსი.

და მაინც, უპირველეს ყოვლისა, “მკურნალი და მაჯისამცა შემტყობარი”. ექიმია ბატონი ფრიდონი - მოწოდებით და ცხოვრების წესით, სულისკვეთებითაც,   შეიძლება ასეც ითქვას.

სრულიად ახალგაზრდა წავიდა იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მოსკოვში, დასაოსტატებლად, გამოცდილების შესაძენად.

1990 წელს ბრუნდება საქართველოში.

21 კაციდან საქართველოში დავრჩი მხოლოდ მე

- საქართველოში ჩამოვედი იმიტომ, რომ რაღაც გამეკეთებინა ჩემი ხალხისთვის, ჩემი ქვეყნისთვის, - ამბობს ბატონი ფრიდონი, - რაც შემეძლო, იმით რომ ამოვდგომოდი მხარში - ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით.

ახალგაზრდა ვიყავი, მოსკოვიდან რომ ჩამოვედი. ქართველები, ვინც სამშობლოში დაბრუნებას აპირებს, ამ ასაკში უნდა წამოვიდნენ და არა პენსიონერობისას, როცა იქაც არავის ენდომება, უცხოეთში. ჩვენ 21 კაცი 1990 წელს წამოვედით მოსკოვიდან კეთილშობილური გადაწყვეტილებით. 1992 წლისთვის კი დავრჩი მარტო მე.

დღეს ისინი კარგად არიან - თითქმის ყველა... მოსკოვში კლინიკებს ხელმძღვანელობს, ინსტიტუტის დირექტორიც არის, კათედრები აქვთ. მაგრამ მე უფრო მოგებული დავრჩი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ჩემს ხალხთან ვარ ახალი ქვეყნის, ახალი ცხოვრების ჩამოყალიბების პროცესში. პრობლემები ყველგან არის ამ გარდამავალ პერიოდში, ჩვენთანაც არის და მათ გადაჭრაში შენი წვლილი უნდა შეიტანო. ასე მესმის მე პატრიოტიზმი.

მარქსმა დაწერა, როგორ გადავიდეთ კაპიტალიზმიდან სოციალიზმში, პირიქით როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს, არავის დაუწერია და არავინ იცის. ასეთ ვითარებაშია საჭირო შენს ხალხთან ყოფნა.

მე ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა, ურთულეს პერიოდში ვყოფილიყავი თბილისში, რომელმაც დამიფასა ჩემი მოკრძალებული შრომა და 1998 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მომანიჭა.

სოციალიზმს ბევრი მინუსი ჰქონდა, მაგრამ, რაც დადებითი იყო, მაგალითად, ჯანდაცვა, განათლება, სოცუზრუნველყოფა, რატომ უნდა უარვყოთ?! აქ დაგროვებულ გამოცდილებაზე რატომ უნდა ვთქვათ უარი?! არადა, სწორედ ამ სფეროებში დაგვიგროვდა დღეისთვის ბევრი პრობლემა და ბევრი გადასაწყვეტი საკითხი.

საბჭოთა კავშირის დანგრევა შოკის მომგვრელი იყო არა მარტო ჩემთვის, არამედ ხალხისთვის. მაგრამ, ასე თუ ისე, გამოვედით ამ მდგომარეობიდან, შეგვიძლია საღად შევაფასოთ უახლესი ისტორია. ერთის მხრივ, არ უნდა დავრჩეთ წარსულში, მეორეს მხრივ, პირწმინდად არ უნდა გადავუსვათ ხაზი იმდროინდელ მეცნიერულ მიღწევებს, კულტურას, ხელოვნებას.

სად არიან ის ტალანტები, მაშინ რომ გვყავდა? ხომ თავისუფალია დღეს შემოქმედი, მაგრამ რატომ არ იქმნება შედევრები?

ამ და მსგავს პრობლემებს ღრმად სჭირდება შესწავლა. თანამედროვე ანალიტიკოსებისგან რატომღაც არ მესმის პასუხი ამ კითხვაზე.

- პოლიტიკაში რომ არ გადავიჭრათ, საუბრის მთავარ თემას რომ არ ავცდეთ, აქ დავსვათ წერტილი. რა მოგცათ მოსკოვმა, ბატონო ფრიდონ?

- მომცა ის, რომ გავხდი კარგი ექიმი. არ ვთვლი ჩემს თავს ცუდ ექიმად. ვისწავლე, როგორ უნდა მეცხოვრა. მოსკოვში რომ ჩავედი 60-იან წლებში, ქართველები აგერ-ეგერ თუ ვიყავით - ლეო ბოკერია, კიდევ რამდენიმე. იყვნენ ჩვენ ირგვლივ რუსები, ებრაელები, სხვა ერის წარმომადგენლები. ყველა - ძლიერი იყო, ნიჭიერი და ამ “ინტერნაციონალში” გამორჩეული რომ ყოფილიყავი, არნახულად ბევრი უნდა გემუშავა, უწინარესად, - საკუთარ თავზე. ათჯერ მეტი უნდა გამეკეთებინა, ეს ამოცანა რომ გადამეწყვიტა.

ასეთი მისწრაფება გამომყვა მოსკოვიდან.

მოსკოვი მაშინ მოწინავე მეცნიერული აზრის ცენტრი იყო, რაც მეცნიერული მიღწევების ათვისების შესანიშნავ გარემოსა და პირობებს ქმნიდა.

- მაგრამ ამ სიახლეთა ზღვაში კარგი კომპასი გჭირდებოდათ, გეხმარებოდნენ, გიკვალავდნენ გზას?

- ასეთები იყვნენ ჩემი უფროსი კოლეგები და მასწავლებლები. მაგრამ ამას აკეთებდნენ უდიდესი ტაქტით, პიროვნული ღირსების ორმხრივი შენარჩუნებით. მაგალითად, აკადემიკოსი ალექსანდრ ვიშნევსკი, ჩემს შეცდომებს რომ შეამჩნევდა, ისე ინტელიგენტურად მომცემდა შენიშვნას, როგორც კოლეგიალურ რჩევას, და, რაც მთავარია, ისე, რომ ახლის ძიების, გაბედულად მოქმედების სურვილი არ გამნელებოდა. ვინ ვიყავი მაშინ - 21-22 წლის ბიჭი, მაგრამ ისე მექცეოდა, როგორც თანატოლს. ა. ვიშნევსკი ადამიანებს საერთოდ უდიდესი პატივისცემით ეკიდებოდა. დღემდე მახსოვს მისი შეგონება: - დაიხსომე, ხანდაზმულ ადამიანებს პატივისცემით უნდა მოეპყრო, არ აწყენინო. რომ დაბერდები, შენც ისე მოგექცევიან, როგორც შენ ექცეოდი მათ. ხალხს მოფერება სჭირდება.

მოსკოვში პირველად ჩასული, მარტოდმარტო აღმოვჩნდი ა. ვიშნევსკის უზარმაზარ კლინიკაში, სადაც საბჭოთა კავშირის მთელი ელიტა თავს იყრიდა სამკურნალოდ - კოსმონავტები, დიდი თეატრის მსოფლიო სახელის მქონე სოლისტები, სხვები. ბევრმა დღეს არც იცის მათი სახელები, მაგრამ მაშინ ისინი იყვნენ იმ ეპოქის უდიდესი წარმომადგენლები და თვითონ ქმნიდნენ ეპოქას.

- იცნობდით მათ?

- ვიცნობდი და კარგი ურთიერთობაც მქონდა. ჩემი დიაგნოზით მკურნალობდნენ, გამოჯანმრთელდებოდნენ და ჩვენი ურთიერთობა შემდეგაც გრძელდებოდა.

- მათ შორის იყვნენ პარტიის გენერალური მდივნებიც?

- იყვნენ. ყველა დონის ხელმძღვანელები იყვნენ. იმ უმაღლეს პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის, თქვენ რომ ახსენეთ, უმრავლესობა კარგები იყვნენ - ზოგი მოგეფერებოდა, ზოგი - არა. მაგრამ ჩვენ ვასრულებდით ექიმის მოვალეობას, რომლისთვისაც ყველა ადამიანი ერთნაირია, პაციენტია, რომელსაც უნდა უმკურნალო.

განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა პირველი თაობის კოსმონავტებთან. ვმეგობრობდი იური გაგარინთან, რუკავიშნიკოვთან, მათ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან.

 

დამატებითი სტიმული გასაჯანსაღებლად

- ბატონო ფრიდონ, თქვენ ეს-ესაა ახსენეთ თბილი დამოკიდებულება, რასაც უფროსი კოლეგებისგან გრძნობდით და ისიც, რომ ასეთსავე დამოკიდებულებას პაციენტებისადმი გინერგავდნენ ისინი თქვენ.

ასეთი ურთიერთობა, როგორც ექიმები ამბობენ, დამატებითი წამალია, სტიმულია განკურნებისთვისო, ასეა?

- ნამდვილად ასეა... მაგრამ არამარტო მედიცინაში. მართალია, პოლიტიკას წერტილი დავუსვით (ეღიმება), მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: როცა ლანძღავენ ადამიანს პრესაში, საჯაროდ, მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ვიღაცამ ამ კაცზე რაღაც თქვა, შეუმოწმებლად, ფაქტის დადასტურების, მეორე მხარესთან შეხვედრის გარეშე, არ ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ადამიანის უფლებათა დარღვევა.

ახლოს ვიცნობ ოპოზიციური სპექტრის ხელმძღვანელებს და არა მარტო მათ. მაგრამ განა შეიძლება ის წვრილმანი კინკლაობა - შენ ეს გააკეთე, შენ ისეთი ხარ, რის უფლებასაც ისინი საკუთარ თავს აძლევენ, საქვეყნოდ გამოიტანო, პოლიტიკის რანგში აიყვანო? დარწმუნებული ვარ, არ შეიძლება.

ადამიანურ თბილ დამოკიდებულებას რომ უგულებელვყოფთ, მერე გვიჩნდება პრობლემები, მათ შორის ჯანმრთელობის პრობლემებიც. პატარა ერი ვართ, მცირერიცხოვანი, მიმტევებლები უნდა ვიყოთ ერთმანეთისადმი. ესაა მთავარი.

ბევრმა მაწყენინა ცხოვრებაში, აქ, ჩვენთან, საქართველოში. მაგრამ იმათთან დღეს კარგად ვარ, რითაც ფრიად გაკვირვებულნი არიან. ეს წუთია, ჩემგან წავიდა ერთი ცნობილი პიროვნება, ვისთანაც ახლო ურთიერთობა მქონდა მოსკოვში წასვლამდე. დაბრუნების შემდეგ ყველაზე ბევრი ცუდი მან გამიკეთა - დაუფარავად გამოხატავდა ჩემ მიმართ აგრესიას - რა უნდა გვასწავლოს, რითაა ჩვენზე მეტი, მერე რა, რომ მოსკოვში მოღვაწეობდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს, როცა გაუჭირდა, მე აღმოვჩნდი ერთადერთი, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა.

- ეს თვისება მოსკოვში შეიძინეთ?

- არა, დედაჩემისგან გამომყვა... ხშირად მეტყოდა ხუმრობით: რომ გაჯილდოებენ, წოდებებს რომ განიჭებენ, სულ ფრიდონ იპოლიტოვიჩს გეძახიან, ნინას არაფერი გაუკეთებია შენთვის? იცინოდა ხოლმე გულიანად.

- პრაგმატული გახდა ცხოვრება.

- მართალია. მაგრამ მით უფრო მეტი ყურადღება სჭირდება ხალხს. ერთი ცნობილი პიროვნება მეკამათება ყოველთვის, რატომ არ არისო ქარხნები და ფაბრიკები საქართველოშიო. მართალია - არ არის. მაგრამ იმიტომ კი არ არის, რომ არ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ის მრეწველობა, რომელიც საბჭოთა სისტემაზე იყო აგებული, დაიშალა, რაც გვქონდა, ჰაერში გამოკიდებული დარჩა - ნედლეულის, მასალების, გასაღების ბაზრის გარეშე. ხალხი კი, რომელიც ამ მრეწველობაში იყო დასაქმებული, უმუშევარი დარჩა.

ამიტომ ვამბობ, რომ ხალხს მეტი ყურადღება სჭირდება.

თუ მომგებიანი არ არის საწარმო, რაგინდ კარგად ჰქონდეს აწყობილი საქმე, განწირულია დასახურად. პრაგმატიკა დრომ მოიტანა.

- მაგრამ, როგორც ვიცი, პრაგმატიკა ყოველთვის და ყველაფერში, უწინარესად კი, ადამიანურ ურთიერთობებში გადამწყვეტი არ არის. უამრავ გაჭირვებულს უანგაროდ ეხმარებით, თქვენ, ბატონო ფრიდონ. საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე კი ეს წამგებიანია.

დინების წინააღმდეგ მიდიხართ?

- აბა, როგორ უნდა მოვიქცე, როცა ადამიანს უჭირს და არავითარი საშუალება არ აქვს, გადაიხადოს ფული სამედიცინო მომსახურებისთვის?!

- მომგებიანი რომ არ არის?

- მომგებიანი რას ნიშნავს? ექიმს ხომ უნდა მივცეთ ხელფასი, სხვა თუ არაფერი, გადავიხადოთ კომუნალური გადასახადი, რომელიც დღითიდღე იზრდება. ჩვენ კი 1994 წლიდან (ჩვენს ინსტიტუტზე ვლაპარაკობ), სახელმწიფოსგან არც ერთი კაპიკი არ მიუღია. თვითდაფინანსებაზე ვართ. ვიღებდით ბანკის კრედიტს, ვაშენებდით ინსტიტუტს, აღვჭურვავდით თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, შემდეგ ვისტუმრებდით ამ კრედიტს.

ასე მოვედით დღემდე. დღეს კი თამამად შემიძლია ვთქვა, ჩვენი კლინიკა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. გრანდიოზომანიით არ ვართ გატაცებული, ჩვენი ინსტიტუტი კომპაქტურია, მაგრამ, აბა, ვინმემ გვითხრას, რომ მასთანაც წელიწადში 2000 ოპერაციას აკეთებენ? ჩვენ ვაკეთებთ!

- რისი წყალობით?

- სხვა მენტალიტეტით ვცხოვრობთ.

- ეს რას ნიშნავს?

- ახლავე მოგახსენებთ: რა ქმნის დღეს მაღალმწარმოებლურ, მეცნიერებატევად, მომგებიან ეკონომიკას? უწინარეს ყოვლისა, პროფესიონალიზმი.

მეორე. მკაცრი დისციპლინა, რასაც განმარტება არ სჭირდება. ამ ორი კომპონენტის ერთობლიობა თანამედროვე ეკონომიკის წარმატების საფუძველია.

 

პრაგმატიზმი თუ გულმოწყალება?

- გულმოწყალება, რომელიც ექიმების თანმდევი თვისება იყო ყოველთვის, რომ ვერ ჯდება ამ ფორმულაში - საბაზრო ეკონომიკის პრინციპებში? მხედველობაში მაქვს, უწინარეს ყოვლისა, საერობო ექიმების (земский врач) ლეგენდად შემორჩენილი დამოკიდებულება პაციენტებთან, რომელთაც, როგორც წესი, ეხმარებოდნენ მედიკამენტებით, არც თუ იშვიათად, მატერიალურადაც.

- ჯერ ერთი, ჩვენი ქართული მენტალიტეტი და მხარში ამოდგომის ტრადიცია ნებისმიერ ეკონომიკურ პრინციპებზე მაღლა დგას. მაგრამ, ამასთან ერთად, ანგარიშს ვუწევთ არსებულ რეალობას და ჩვენს ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს გარკვეული პროცენტი ქველმოქმედებისთვის. ბევრი ადამიანი მოსულა ჩემთან, რომელსაც არც ფინანსური საშუალება აქვს, არც - დაზღვევა, არც რომელიმე პროგრამაშია ჩართული. როგორ უნდა უშველოს მან ოჯახის ავადმყოფ წევრს? რა ქნას? თვალები ცრემლით აქვს სავსე. უჭირს ლაპარაკი.

მე თვითონ მიმყავს ასეთი კაცი ან მისი ოჯახის წევრი გამოსაკვლევად და დიაგნოზის დასასმელად. ვერავინ მისაყვედურებს, რატომ ვიქცევი ასე.

არაერთი სამედიცინო დაწესებულება იყო საქართველოში, რომლებიც წამყვან პოზიციებზე იდგა საბჭოთა კავშირის დროს. ახალ ვითარებაში ერთი დირექტორი მეორეთი შეიცვალა, მეორე - მესამეთი, მაგრამ თანდათან დაიკარგა ის წამყვანი პოზიციები, რომლებზეც მოგახსენეთ. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში პიროვნებაზეა დამოკიდებული. შეიძლება ბრწყინვალე ექიმი იყო, ბრწყინვალე ქირურგი, მაგრამ, თუ ღმერთს არ მოუცია ორგანიზატორული ნიჭი და უნარი, ვერ მოუვლი შენს სამედიცინო დაწესებულებას.

ამიტომ ვურჩიე ბევრ ჩემს კოლეგას, უარი ეთქვა დირექტორობაზე და თავისი არაორდინალური ნიჭი მთლიანად პროფესიისთვის მოეხმარა.

თავის ქებად ნუ ჩამითვლით, მაგრამ, აქ მუშაობა რომ დავიწყე, მხოლოდ ერთი სართული გვქონდა. ახლა ერთი მრავალსართულიანი კორპუსი უკვე მწყობრშია და მეორე მთავრდება. რაღაცის გაკეთება, ეტყობა, შევძელი. ახლახან შემოვიტანეთ სამ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების თანამედროვე აპარატურა.

მეამაყება, რომ მაგნიტური რეზონანსის ტომოგრაფი “სამი ტესლა” ჩვენთან დგას. რუსეთში ორია. რამდენი ადამიანი გადავარჩინეთ ამის წყალობით!

დილით გაუკეთებენ ავადმყოფს თავის ტვინის სიმსივნის ოპერაციას, საღამოს წამომჯდარია. აი, რა დონეზე განვითარდა ტექნოლოგიები.

ტექნოლოგიები შეიძლება შეიძინო, მაგრამ, თუ არ გყავს პროფესიონალი, ადამიანის მკურნალობის ეფექტიანობაზე ლაპარაკი ფუჭია.

ოცი წლის განმავლობაში, რაც აქ ვმუშაობ, ჩემთვის მთავარი იყო ექიმის მომზადება, გადამზადება, სამედიცინო კონგრესებში მათი მონაწილეობა, სპეციალიზაცია საზღვარგარეთ.

შეჩერება ამ გზაზე დაუშვებელია, რადგან ტექნოლოგიები განუწყვეტლივ ვითარდება და, თუ ფეხდაფეხ არ მიჰყევი, უიმედოდ ჩამორჩები.

- ასეთ უმკაცრეს პირობებში, ზნეობრივი კრიტერიუმები შეიძლება გაეცრიცოს ექიმს. როგორ ახერხებთ ამ “ტექნოკრატული დაავადების” თავიდან აცილებას?

- სამედიცინო დაწესებულებაში მთავარია მაღალი სულისკვეთება, შიდა ატმოსფერო შემოქმედებითი, საქმიანი უნდა იყოს. არავითარი ენის მიტან-მოტანა, განსაკუთრებით, ხელმძღვანელობის “საქმის კურსში ჩაყენება”. თითოეულმა თანამშრომელმა უნდა იცოდეს, რომ იგი აქ მოსულია სამუშაოდ. პაციენტს, რომელმაც გაჭირვებით იშოვა ფული, გადაგიხადა, ვალდებული ხარ პროფესიულად მოემსახურო. მენტალიტეტი - “როგორ, მე ვინმეს მონა ვარ?!” - აუცილებლად უნდა დაიძლიოს. რადგან პაციენტს გადახდილი აქვს გარკვეული თანხა, ეს ნიშნავს, რომ მან გარკვეულ დროით დაგიქირავა, რათა მოემსახურო მას, ანუ შენი ცოდნით, გამოცდილებით დაეხმარო, განკურნო, შეასრულო შენი პროფესიული მოვალეობა.

მაქსიმალური ყურადღება! თანაც არა მარტო ავადმყოფის მიმართ (ეს აქსიომაა!), არამედ საკუთარი გარეგნობის მიმართაც! არ გაგიკვირდეთ, პაციენტზე გავლენას ახდენს ის გარემოც, ესთეტიკა, რომელიც კლინიკაში დახვდება და ექიმის სუფთა ხალათიც, მისი ყოველმხრივი მოწესრიგებულობა.

- ნოტაციებს არ უკითხავთ ექიმებს?

- არა, რადგან ამის აუცილებლობა არ არის. ჩვენ საუნივერსიტეტო კლინიკა ვართ, ბევრი რეზიდენტი გვყავს. ისინი, როგორ მორალურ ატმოსფეროშიც მოხვდებიან, იმის ადეკვატურად იქცევიან. ჩვენ სისტემატურად ვაახალგაზრდავებთ კოლექტივს და ამ რეზიდენტებმა იციან, რომ მათ აქვთ შანსი კლინიკაში მოხვედრის, მაშასადამე, უნდა მიიღონ ჩვენთან დამკვიდრებული წესები, მიეჩვიონ, გაითავისონ.

ახალგაზრდა ექიმმა თვითონ უნდა იფიქროს და იზრუნოს იმაზე, რომ გახდეს ნამდვილი პროფესიონალი. უვიცი, ზედაპირული არავის სჭირდება. დღეს ბევრია უმუშევარი ექიმი. მაგრამ კარგი ექიმი უმუშევარი არ რჩება. კარგ ექიმებს ეძებენ.

ბევრს უნდა ჩემგან ექიმების გადაბირება.

- არ მიდიან?

- არ მიდიან. მუშაობის ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი და იმიტომ. მაგრამ მომთხოვნელობაც გასამმაგებულია. სამუშაო ატმოსფეროა შექმნილი, თანაც - ესთეტიკური: საქართველოს წამყვანი მხატვრებისა და სკულპტორების ნამუშევრებით არის გალამაზებული ჩვენი ინტერიერი. ზოგი - გვაჩუქეს, ზოგი - ვიყიდეთ. ლამაზი და მშვიდი გარემოა.

ასეთი გარემო ავადმყოფს ეხმარება სტრესის მოხსნაში, რომელიც ექიმთან მოსვლას ყოველთვის თან სდევს.

 

გთხოვთ ყურადღებას, პოტენციურო პაციენტებო!

- კი ვართ ჩვენ ყველანი პოტენციური პაციენტები, მაგრამ უმჯობესია, ეს პოტენცია რეალობად არ ვაქციოთ. ხომ ასეა?

- რა თქმა უნდა.

- მაშინ გვითხარით, ბატონო ფრიდონ, როგორ ვიცხოვროთ, ცხოვრების როგორი წესით?

- სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ, მასაში არ გვაქვს შინაგანი კულტურა. ამასწინათ ჩვენმა ინსტიტუტმა “თიბისი” ბანკთან ერთად გამოვაცხადეთ საქველმოქმედო აქცია, სარძევე ჯირკვლების უფასოდ გამოკვლევა დავიწყეთ. სარძევე ჯირკვლის დაავადება, გავრცელების თვალსაზრისით პირველ სამეულში შედის, დიდი პრობლემაა. ამიტომ მისი ადრეულ სტადიაზე გამოკვლევა და მკურნალობა გამოჯანმრთელების უებარი საშუალებაა.

მაგრამ გაირკვა, რომ ონკოგინეკოლოგიური დაავადებების პირველ, მეორე სტადიაზე სამკურნალოდ, პრაქტიკულად, არ მოდიან. მხოლოდ მესამე, მეოთხე სტადიის დროს მიაკითხავენ ექიმს.

- ფული არ აქვთ...

- ჩვენი აქცია უფასო იყო!

- მაშ, რატომ არ მოდიან?

- ზოგს ჰგონია, რომ არ დაემართება, სხვას - ეზარება ექიმთან მისვლა, სახვალიოდ გადადებს და ა.შ. ათას მიზეზს მოიგონებენ. მაგრამ სწორედ ეს არის იმ შინაგანი კულტურის უქონლობა, რომელიც ვახსენე: თვალს არ ვადევნებთ, უყურადღებოდ ვექცევით ჩვენს ჯანმრთელობას. ესაა პრობლემა.

ნორმალურმა ადამიანმა ნორმალურად უნდა იცხოვროს. ერთი და ორი კოლოფი სიგარეტი არ უნდა მოსწიოს ყოველ დღე, არ უნდა დათვრეს ყოველ დღე. ახალგაზრდა ორგანიზმი, ასე თუ ისე, გარკვეულ პერიოდში უძლებს ასეთ “დატვირთვას”, მაგრამ შემდეგ იფეთქებს დაავადების რისკფაქტორები, ახლა უკვე ახალგაზრდულ ასაკში, და ისე ძლიერად, რომ შემდეგ კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან ძნელი ხდება, არცთუ იშვიათად - შეუძლებელი.

ადრე ვერც წარმოვიდგენდით, რომ 25 წლის გოგო შეიძლებოდა კუჭის კიბოთი დაავადებულიყო. ახლა არავის უკვირს; ან - ფილტვის კიბოთი! რა დიდი შრომა და სახსრები სჭირდება წელიწადში ერთხელ ფილტვების გაშუქებას, სურათის გადაღებას?! არადა, ფილტვის კიბო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.

- სიგარეტი?

- სიგარეტი, ატმოსფეროს დაბინძურება...

- ესე იგი, უწინარეს ყოვლისა, ადამიანმა თვითონ უნდა მიხედოს თავის ჯანმრთელობას?

- რა თქმა უნდა.

- მაგრამ აქედან თვითმკურონალობამდე ხომ ერთი ნაბიჯია?

- თვითმკურნალობა და ექიმბაშები ყოვლად დაუშვებელია! ამ დილით კონფერენციაზე ვიყავი და ერთ-ერთი მონაწილე თავდაჯერებით ამტკიცებდა, პატრიარქს ვუმკურნალებ და გამოვაჯანმრთელებო(!).

ეს კატასტროფაა. ექიმბაშებთან “მკურნალობის” შემდეგ ჩვენთან მოდიან ავადმყოფები, რომელთა გადარჩენა უმეტესად შეუძლებელია.

ვთავაზობ ასეთ თავდაჯერებულ ექიმბაშებს, ავიყვანოთ პაციენტები, ვისაც გადაწყვეტილი აქვს მათთან მკურნალობა. გამოვიკვლევთ მათთან ერთად - თავიდან და მკურნალობის შემდეგ. კატეგორიულად არ სურთ.

გამოჩნდა თბილისში ერთი ასეთი “მკურნალი”, იმდენი ავადმყოფი მიდის მასთან, რომ პოლიცია იცავს წესრიგს. შედეგები უარყოფითია. კარგად ილაპარაკა ამ საკითხზე პროფესორმა რეზო გაგუამ, ონკოლოგიური ცენტრის დირექტორმა. მანაც შესთავაზა პაციენტების გამოკვლევა. უარზე არიან.

არ შეიძლება ერთი წამლით ყველა დაავადების განკურნება. დღეს კიბოს ვერავინ მოარჩენს. თუმცა არის კიბოს რაღაც ფორმები, რომელთა მკურნალობა შეიძლება. მაგალითად, სარძევე ჯირკვლის, თანაც ადრეულ სტადიაზე. ამაზე უკვე ვილაპარაკე.

- ოფიციალურად შესთავაზეთ თქვენი წინადადება ექიმბაშებს?

- პიროვნულად შევთავაზე. ახლა თქვენი გაზეთის საშუალებითაც მივმართავ, მოდით, გამოვიკვლიოთ. ჩემს დაწესებულებაში უფასოდ მოვემსახურებით. უმკურნალონ და ბოლოს ერთად ვნახოდ შედეგი!

- სწორად აქვთ კი იმ ავადმყოფებს დიაგნოზი დასმული?

- დიაგნოზი დაუსვეს და შესთავაზეს ოპერაციის გაკეთება. მაგრამ პაციენტი უარს ამბობს ოპერაციაზე და მიდის ექიმბაშთან. ის ეუბნება, მოგარჩენო. ავადმყოფი იჯერებს და ესაა ჩვენი ტრაგედია.

- როგორ ვუშველოთ ასეთ ხალხს?

- ჯანდაცვის სამინისტრო, თვითონ მინისტრი უნდა ჩაერიოს, პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა უნდა განიხილოს ეს საკითხი და ოფიციალურად ჩატარდეს გამოკვლევა. ამ გამოკვლევის შედეგები კი საჯაროდ გაცხადდეს.

 

რეფორმა რეფორმისთვის თუ ხალხისთვის?

- უწინ აუცილებელი იყო წელიწადში ერთხელ დისპანსერიზაციის გავლა - ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. თქვენ რომ გისმენთ, ეჭვი მეპარება, იმუშავებს კი ის სისტემა დღევანდელ პირობებში?

- კომუნისტების დროს შვებულებაში არ გაგიშვებდნენ, დისპანსერიზაცია თუ არ გექნებოდა გავლილი. პროფილაქტიკური ღონისძიება იყო. დღეს ადამიანები იმდენად სხვა პრობლემებით არიან დაკავებული, რომ საკუთარი ჯანმრთელობის საკითხმა მეორე პლანზე გადაიწია. სახვალიოდ აქვთ გადადებული. მაგრამ ასე გადადებით გროვდება პრობლემები და კრიტიკულ ზღვარს აღწევს.

იტყვით, ხალხს არ აქვსო საშუალება. არ შეგეკამათებით, მაგრამ ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი სხვა რა არის ამქვეყნად, რომ ასე აგდებულად მოეკიდო?

მთავარი ყველა დროში, ყველა სისტემაში იყო და არის პროფილაქტიკა. ბევრი რამ აკლია მედიცინას, განსაკუთრებით, პერიფერიაზე. პრობლემები გამოიწვია უმთავრესად იმან, რომ ერთი სისტემიდან მეორეში გადავედით და დაინგრა ძველი ან დავანგრიეთ.

სულ მესმის, რომ რეფორმებს განვახორციელებთ მედიცინაში. 1990-იან წლებში კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი, ერთბაშად გადმოგვეტანა ამერიკული, ევროპული გამოცდილება საქართველოში. თანდათან უნდა გადავსულიყავით თანამედროვე მედიცინაზე, ისევე, როგორც განათლების ახალ სისტემაზე. მეცნიერებაშიც დამღუპველია “მივარდნით” ცვლილებების განხორციელება.

ძველის ტრავმირების გარეშე ახლის აშენება - ასეთია ჭეშმარიტად რაციონალური მიდგომა.

მაგრამ მოვინდომეთ უცებ და ერთი დაკვრით. ამიტომაც არ გამოგვივიდა თუნდაც მეცნიერებათა აკადემიის “გარდაქმნა”, რისი წინააღმდეგიც ვიყავი ყოველთვის. უნდა გაგვეთვალისწინებინა ჩვენი სპეციფიკა, ის პრობლემები, რომლებიც თან სდევს იმ სისტემებს, რომელთა დანეგრვას ჩვენთან ვცდილობთ. დეტალიზაცია შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ ორ მაგალითს დაგისახელებთ: უმდიდრესი ქვეყანაა გერმანია, მაგრამ იქაური ექიმი უფრო ნაკლებს იღებს, ვიდრე ჩემი თანამშრომელი საუნივერსიტეტო კლინიკაში.

ამიტომ მიდიან გერმანელი ექიმები არაბეთის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სამუშაოდ.

ლონდონში კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება რომ დაგჭირდეთ, თუ დაზღვეული ხართ, რამდენიმე თვის ლოდინი მოგიწევთ გამოკვლევის ჩასატარებლად. კერძო კლინიკაში იმავე დღეს გაიკეთებთ!

დღეს რადიკალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას რთული მდგომარეობიდან გამოსასვლელად და, უწინარეს ყოვლისა, სოციალური დაცვის სფეროში. მოსაწესრიგებელია ადამიანების დაზღვევის საკითხი. ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოში უნდა გვქონოდა სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია, კერძო კომპანიები რომ არ ყოფილიყვნენ მონოპოლისტები. არ შეიძლება პატარა ქვეყანაში ფუნქციონირებდეს 20 სადაზღვევო კომპანია! რასაკვირველია, დრო დაალაგებს და 3-4 კომპანია დარჩება, მაგრამ ადამიანებიც უნდა ეცადონ, რომ დაეზღვიონ. ესაა საშველი და სწორი გზა.

კაპიტალიზმს აქვს კარგი და ცუდი მხარეები. უნდა გადმოვიღოთ ის, რაც მისაღებია ჩვენი ქვეყნისთვის და არა ძველებური “ავრალით”, რათა დღესვე ვიცხოვროთ იმ წესითა და რიგით, როგორც ამერიკაში ან გერმანიაში ცხოვრობენ.

ჩვენ ჩვენი მენტალიტეტი გვაქვს, ქართული.

 

P.შ. და სწორედ ამ ქართული მენტალიტეტის გამო იყო, რომ ბატონმა ფრიდონ თოდუამ ინტერვიუს დამთავრების შემდეგ ეზომდე ჩამომაცილა და იქ დამემშვიდობა.

ამას არც ამერიკაში, არც გერმანიაში, არც შვედეთში არც ერთი მისი რანგის ხელმძღვანელი არ გააკეთებდა.

საუბარს ვაგრძელებდით გზადაგზა და ამ მონაკვეთსაც, ისევე, როგორც მთელ ინტერვიუს რეფრენად გასდევდა დედააზრი: რადგან ძნელია დღეს ცხოვრება, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

www.geworld.net