პოლიტიკა
ივანიშვილის ახალი ოცნება, ანუ მოკრძალებული სვლა გლობალური გათვლით - Sputnik

     საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. მაშ ასე, წილი ნაყარია, რუბიკონი — გადალახული. საპარლამენტო უმრავლესობა 4 საათზე შეიკრიბა პარტიის თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად და საათნახევრიანი მსჯელობის შემდეგ დაადასტურეს ის, რაც ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ ისედაც ცხადი იყო — ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და მხარს რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იქნება, რომელმაც დროში ასევე ქრონოლოგიურად დაამთხვია „ოცნების“ შეკრებას საკუთარი განცხადება. როგორც ადრე ვწერდით, სალომე ზურაბიშვილს, როგორც ჩანს, საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება. ნიშანდობლივია, რომ ის საკუთარი გადაწყვეტილების გამოცხადებამდე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ზურაბიშვილი თავისუფალ ბიზნესმენებს ფინანსური მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რა მოხდება 28 აგვისტომდე და არჩევნებამდე 60 დღით ადრე კიდევ ვინ წარადგენს საკუთარ კანდიდატურას. სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის კარგი გამოცდილება აქვს. მას მხარდამჭერებიც ჰყავს, მაგრამ მის წარმატებას ძირითადად ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა თუ განაპირობებს.

რამდენად აქტიური იქნება ხელისუფლება ზურაბიშვილის მხარდაჭერაში, ამას დრო გვიჩვენებს. არც ისაა გამორიცხული, ხელისუფლების მხარდამჭერთა მობილიზება მოხდეს და არც ის, რომ ივანიშვილმა მართლაც ჩაურევლობის პოლიტიკა აირჩიოს და როგორც კვირიკაშვილს მისცა კარტბლანში, აქაც ბოლომდე უყუროს, ვინ გახდება ამ მარათონის გამარჯვებული.

იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე არანაკლებ ესიმპათიურება და მისი ბიზნესპარტნიორები უმრავლესობაშიც კი ჰყავს კვირიკაშვილის კვოტით, არც ბაქრაძის გამარჯვება დასწყვეტს გულს უმრავლესობას.

ხელისუფლების მომხრე ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შემთხვევაში „ოცნების“ ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან არ მივა და მეორე ტური გარდაუვალია.
გარდაუვალი ძნელი სათქმელია, ბევრი რამ საარჩევნო პროცესზეა დამოკიდებული და განსჯისათვის წინ სამი თვეა. ფაქტია, რომ მარგველაშვილის საარჩევნო პროცესში ჩართვა სერიოზულად შეცვლიდა სიტუაციას და გამორიცხული არც ეს არის. ახლა თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ კენჭს იყრის ალეკო ელისაშვილიც და რაც უფრო მეტი კონკურენტუნარიანი კანდიდატი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მით მეტად გაიზრდება მეორე ტურისა და დასავლეთში საქართველოს დემოკრატიულობის შესახებ მოსაზრების განმტკიცების ალბათობა.

რაც მთავარია, პრეზიდენტობა ექვსი წლით ერთი პოლიტიკოსისა და მისი გარემოცვისათვის სერიოზული ამოცანაა, მაგრამ არა — პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლისათვის საკმარისი. ეს არჩევნები იქნება მზადება საპარლამენტო არჩევნებისათვის… მისი კონტურები უკვე იკვეთება — ჭრელი პარლამენტი და კოალიციური მთავრობა ახლა ივანიშვილის ახალი ოცნებაა, რომელიც 2020 წელს რეალობად იქცევა.