რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს სამხედრო შენაერთები - პრემიერი ბახტაძე
პუბლიკაციები
რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს სამხედრო შენაერთები - პრემიერი ბახტაძე

     საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ინტერესშია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირება საერთაშორისო სამართლისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევის შედეგად, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მაღალ დონეზე დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.

დიახ, საქართველო დაინტერესებულია, რომ ჩვენ ერთობლივად შევქმნათ უკეთესი ცხოვრებისა და განვითარების პირობები ამ რეგიონში, რადგან მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობა მიიღწევა მხოლოდ განვითარებისა და ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის გზით.

ჩვენი ძალისხმევის შედეგად, დღეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მაღალ დონეზე დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. საერთაშორისო თანამეგობრობა კონსოლიდირებულია საქართველოს მხარდაჭერაში და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, შეცვალოს აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება და მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია.

ჩვენი თავდაუზოგავი მუშაობით სამშვიდობო ფორმატებშიჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებშივახერხებთ, ურთულესი გამოწვევებისა და პროვოკაციების პირობებში თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის ესკალაცია. ჩვენი აქტიური ძალისხმევით რთულად, მაგრამ მაინც ვახერხებთ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებისა და პრობლემების ეტაპობრივ გადაჭრას.

10
წლის წინ რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო ვალდებულება, რომ არ გამოიყენებდა ძალას და ომის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნებდა რუსეთის სამხედრო შენაერთებს. თუ რუსეთის მთავრობა იაზრებს რუსი ხალხისა და სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესს სამეზობლოში მშვიდობასა და სტაბილურობასთან დაკავშირებით და სურს კეთილმეზობლური, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა საქართველოსთან, მან უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეწყვიტოს მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა საოკუპაციო ხაზზე და არ შეუშალოს ხელი უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას ადგილზე.

დღეს, ამდენი წლის შემდეგ, როცა ადამიანებს თბილისში, სოხუმში, ცხინვალსა თუ სხვა ქალაქებში თითქოსდა გარკვეულ მომენტებში დაკარგული აქვთ კონფლიქტის დარეგულირების იმედი, მინდა, ხაზგასმით ვუთხრა, რომ მოდით, თვითკრიტიკულად გავიაზროთ განვლილი დრამატული პერიოდი და ეს არის ერთადერთი სწორი მიდგომა სამომავლოდ საერთო ენის გამონახვაში. მე მჯერა, რომ ერთ დღესაც ჩვენ, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, აუცილებლად გადავჭრით ყველა არსებულ გამოწვევას და გამოვნახავთ გზებს მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს. და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის საერთო ინტერესები, საერთო წარსული, ღირებულებები და ისტორია, რაც ჩვენ გვაერთიანებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.