საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. საქართველო-რუსეთის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი" შეფერხებების გარეშე მუშაობს, იუწყება Новости-Грузия საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
მანამდე სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილემ არმენ პამბუქჩიანმა ზემო ლარსის გავლით სომხეთში მოხვედრის მსურველები საქართველოსა და რუსეთის საზღვრის ტერიტორიაზე ავტომობილების დიდი რიგის შესახებ გააფრთხილა. მისი ინფორმაციით, რუსული მხრიდან რიგის სიგრძე 9-10 კილომეტრია, საიდანაც ხუთი კილომეტრი სატვირთოების რიგია, ქართულ მხარეზე კი დაახლოებით 200 სატვირთოა გაჩერებული.
„ქართული მხრიდან მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიდის, ხოლო რუსული მხარე კი ავტომობილების დიდ ნაკადს ვერ ატარებს, რის გამოც საცობები შეიქმნა", — განაცხადეს შსს-ში.
ადრე რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე ავტომობილების დიდი ნაკადის შემთხვევაში, პრიორიტეტი პირველ რიგში ტურისტები იქნებიან და მხოლოდ მათ შემდეგ მოხდება სატვირთოებისა და ტრაილერების გატარება.
„ყაზბეგი–ზემო ლარსი" ამჟამად საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე ერთადერთი მოქმედი საკონტროლო-გამშვები პუნქტია.