საზოგადოება
მუსა ხანგოშვილი იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

     საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მუსა ხანგოშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ყვარლის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ხანგოშვილი დიაბეტით არის დაავადებული.

შეგახსენებთ, რომ ხანგოშვილს პოლიცია ახმეტის რაიონის პოლიციის თანამშრომელთა შეურაცხყოფისა და მუქარისთვის ედავება, გამოძიება სისხლის სამართლის 353 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მუსა ხანგოშვილი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ცხოვრობს, ის საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ხანგოშვილი რუსულ სპეცსამსახურებთანაა კავშირში და მას ჩეჩნეთის მმართველთან რამზან კადიროვთანაც აქვს პირადი ურთიერთობა.

კახეთში მყოფმა ხანგოშვილმა იარაღის მუქარით ახმეტის რაიონის პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტის შემდეგ მას ადმინისტრაციული წესით 2000-ლარიანი ჯარიმა დაუწერეს და გაათავისუფლეს. ორი დღის წინ, მაღალი ალბათობით თრობის ქვეშ მყოფმა ხანგოშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში თქვა, რომ მან მხოლოდ "თავის ძმებს აგინა". 4 აგვისტოს, გვიან ღამით კი პოლიციამ ის დააკავა.

"მე მივედი ჩემს ძმაკაცთან, თემო არაბულთან, რომელიც არის კაცი. ეგ ჩემს ნათესავთან მომივიდა. იარაღი ვისა აქვს, გიჟი ხომ არ ხარ... ადმინისტრაციულით გამომიშვეს, რომ ვაგინე ჩემს ძმებს, ადმინისტრაციული 2000 ლარიო და მეტი არაა პრობლემაო", - ამბობს ხანგოშვილი.

მუსა ხანგოშვილი „რუსთავი 2“-თან რამზან კადიროვთან ურთიერთობის შესახებაც საუბრობს, მისი თქმით, ის საქართველოში კადიროვის დავალებით არ იმყოფება.

"მე და რამზანა ძმაკაცები ვართ, ძმები ვართ. რამზანას არავინ გამოუგზავნია. რამზანა არის საქართველოს, მსოფლიოს მოყვარული პიროვნება, ვისაც უნდა მშვიდობა. კადიროვის გულისთვის თავს მოვიკლავ, ეს იცოდეთ", - ამბობს ხანგოშვილი.

შეგახსენებთ, რომ მუსა ხანგოშვილი ევროპული საქართველოს წევრის გივი თარგამაძის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიების ერთერთი ფიგურანტია. 2016 წლის 4 ოქტომბრის ღამით გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე, რომელიც იმ დროს პარლამენტის დეპუტატი იყო, გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები.

თარგამაძემ, ოფიციალური გამოძიებისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, საქმე დამოუკიდებლად გამოიძია. მის მიერ შეგროვებული მასალების მიხედვით, დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილე დიმიტრი აბრამიშვილი საქართველოდან უპრობლემოდ მიიმალა, ის მოსკოვში მუსა ხანგოშვილთან ერთად იმყოფებოდა.