პოლიტიკა
"დაგხოცავთ თქვენივე სახლებში!" - "პალიტრანიუსმა" მოიპოვა ვიდეო, სადაც ISIS-ის ქართული დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას ემუქრება

     საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ვიდეოს თან ახლავს ტიტრები, სადაც დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება. "ჩვენი მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის; სულ მალე დაგაყრევინებთ თავებს, დაგხოცავთ თქვენივე სახლებში" - ნათქვამია ვიდეომიმართვის ტექსტში (ვიდეო იხ. აქ). ვიდეოს ტექსტის თანახმად, ტერორისტები საქართველოს ხელისუფლებაზე შურისძიებას აპირებენ მათი „ძმების“ მკვლელობისთვის. ლაპარაკია სპეცოპერაციებზე 2012 წელს ლაფანყურის ხეობაში და 2017 წელს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე.

ვიდეო, სავარაუდოდ, 2 კვირის წინაა დამზადებული. ერთ-ერთი ვერსიით, სუსის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტოხოსაშვილი, რომლის აყვანის შესახებ ინფორმაცია ორშაბათს გავრცელდა, კავშირშია ზემოხსენებულ დაჯგუფებასთან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეუდგა მასმედიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" ქართული დაჯგუფების მიერ გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეოს შესწავლას: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ამ ვიდეოს შესახებ ცნობილია და უკვე მიმდინარეობს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული პირი მალხაზ ტოხოსაშვილია.

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მალხაზ ტოხოსაშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით.
პანკისის სათემო რადიოს ცნობით, მალხაზ ტოხოსაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდანაა, თუმცა ბოლო წლებში ცოლ-შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს და კერძო დაცვის სამსახურში მუშაობს.
კონტრტერორისტული ცენტრის განცხადებით, მალხაზ ტოხოსაშვილის საცხოვრებელი სახლისა და სამსახურის ჩხრეკისას ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები და სხვადასხვა ატრიბუტიკა. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.