საზოგადოება
ციანიდი პატრიარქისათვის: დეკანოზი მამალაძე უდანაშაულოა! - მიტროპოლიტი პეტრე ცაავა

     საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. უნდა ველოდოთ იმას, რომ ეკლესია გამოიტანს დასკვნას და იტყვის, რომ მამა გიორგი დღემდე არის უდანაშაულო პატიმარი, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ დადგა დრო, აღსრულდეს 2017 წლის ოქტომბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილება. იგი ელოდება, რომ საპატრიარქოში საგამოძიებო კომისია შეიქმნება და საეკლესიო სამართლის ნორმებით იტყვის, რომ მამა გიორგი მამალაძე უდანაშაულოა.

მამა გიორგი მამალაძის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩემი ინიციატივა არ არის, 2017 წლის ოქტომბრის სინოდის სხდომის განჩინების გადაწყვეტილებააროდესაც ყველა ინსტანცია დასრულდებოდა საქართველოში, საპატრიარქოსთან შეიქმნებოდა კომისია, რომელიც საეკლესიო სამართლის ნორმებით იტყოდა თავის სიტყვას და საზოგადოებას აუწყებდა დასკვნას მსჯავრდებულ დეკანოზთან მიმართებაში. მე ამ სინოდის სხდომას ვუწოდე წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ უბრალოდ ველოდებოდით, როდის დასრულდებოდა შემდეგი ინსტანციები. ახლა დადგა დრო ამ გადაწყვეტილების აღსრულების. მიმაჩნია, რომ ყოველი დღე იქნება ჩვენს საწინააღმდეგოდ. უნდა ველოდოთ, რომ ეკლესია გამოიტანს დასკვნას და იტყვის, რომ მამა გიორგი დღემდე არის უდანაშაულო პატიმარი. მე მაქვს მოლოდინი, რომ ბოლო სიტყვას იტყვის უფალი ღმერთი”, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მამა გიორგი მამალაძის საქმის წარმოებაში მიუღებლობის შესახებ, ჭყონდიდის მიტროპოლიტი უსირცხვილო და უტიფარ გადაწყვეტილებას უწოდებს.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს და მისი თქმით, ადრე თუ გვიან სამართალი აუცილებლად იზეიმებს.

როგორც რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა, მეუფე პეტრე ცაავას განცხადებები გასცდა მის ეპარქიას, საერთოდ, სასულიერო საკითხებს და მან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება დაიწყო. ხაინდრავას თქმით, საინტერესოა, რატომ აკეთებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უპასუხისმგებლო განცხადებებს.

მეუფე პეტრე პოლიტიკურ ველში შემოვიდა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება დაიწყო. ძალიან უცნაური განცხადება გააკეთა და კარგი იქნება, რომ განმარტოს. განგვიმარტოს, რას გულისხმობს, როცა დანაშაულებრივ სისტემაზე ლაპარაკობს, როდესაც ამბობს, რომ უზენაესი სასამართლო არის დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი. ესე იგი, რა გამოდის, რომ უზენაესი სასამართლო დანაშაულებრივი ორგანიზაციაა?! ასე ფიქრობს პეტრე ცაავა? თუ ასე ფიქრობს, რომ სახელმწიფო დანაშაულებრივი სისტემით იმართება, მაშინ ახსნას. ეს აღარ არის რელიგიური საკითხები, რომელზეც შეიძლება საკუთარი მოსაზრებები ჰქონდეს. ამის გაკეთება მოუწევს, რადგან ეს საზოგადო ინტერესია, ეს არ არის მისი ეპარქია მხოლოდ და მხოლოდ. ეს ყველა ჩვენგანის ქვეყანაა. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და ძალიან გვაინტერესებს, რატომ აკეთებს ასეთი მაღალი სასულიერო იერარქიის პირი ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს. თუ აკეთებს, მაშინ კეთილი ინებოს და დაასაბუთოს”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.